მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ნატახტარი-ჟინვალის ახალი მაგისტრალისთვის საგურამოში, წიწამურსა და სხვა სოფლებში მიწების გამოსყიდვას იწყებს

კახეთის ავტომაგისტრალი

ინფრასტრუქტურის სამინისტრო ნატახტრიდან ჟინვალის მიმართულებით ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც მთავრობამ პირველ ივლისს მიწების გამოსყიდვის შესახებ გამოსცა განკარგულება. მიწების გამოსყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სოციალური და გარემოსდაცვითი ჩარჩო დოკუმენტის წესების შესაბამისად უნდა მოხდეს.

ახალი მაგისტრალის სიგრძე 27 კილომეტრი იქნება და ის 4-ზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. გზშ ანგარიშის თანახმად, გზა გაივლის სოფლებს: წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს.

პროექტი 16 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მათ შორის ყველაზე გრძელი 991 მეტრის ორი პარალელური ხიდი მდინარე არაგვზე გაივლის, ასევე მოეწყობა 415 მეტრის სიგრძის პანდუსი, ორი პარალელური 239-მეტრიანი ხიდი მდინარე თეზამზე, ორი პარალელური 271-მეტრიანი ხიდი მდინარე წირდალისხევზე, ორი პარალელური 139-მეტრიანი ხიდი მდინარე ახატნისხევზე, ასევე ორი პარალელური 106-მეტრიანი ხიდი მდინარე აბანოსხევზე.

საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალ გზაზე მოძრაობა 120 კმ/სთ სიჩქარით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, 27-კილომეტრიანი მანძილის დაფარვა 15 წუთში გახდება შესაძლებელი.

გზშ დოკუმენტაციის თანახმად, მაგისტრალის პროექტირებისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო იმ გარემოებას, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს თბილისის სასმელი წყლის მიმწოდებელი კომპანია GWP-ის ღია რეზერვუარები, რომლებზეც გზის მშენებლობა/ექსპლოატაციის პროცესში ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ტექნიკურ ანალიზში განმარტებულია, რომ როგორც ადგილობრივი მიმოსვლის ზრდის, ასევე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების მოცულობის მატების გამო აუცილებელია არსებული ორზოლიანი გზა თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალით ჩანაცვლდეს.

შერჩეული ალტერნატივა - წითელი. საპროექტო მარშრუტი წიწამურიდან წითელსოფლამდე

შერჩეული ალტერნატივა - წითელი. საპროექტო მარშრუტი წითელსოფლიდან ჟინვალამდე (გაგრძელება)

მთავრობის განკარგულებაში არაა მითითებული თუ რამდენი მიწის გამოსყიდვა უნდა მოხდეს, ასევე თუ რა არის გამოსყიდვის საერთო ბიუეჯტი. ჯერჯერობით ასევე უცნობია თუ რამდენი მილიონი ლარი არის გათვალისწინებული გზის ამ მონაკვეთის მშენებლობისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები