მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა რკინიგზის მარეგულირებელ სააგენტოს ქმნის - ბიუჯეტი ₾1.3 მლნ იქნება

64a2a8d1e3916
შოთა ტყეშელაშვილი
03.07.23 15:35
1183
საქართველოს მთავრობა რკინიგზის მარეგულირებელ სააგენტოს ქმნის - შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა. მისი მიხედვით, ახალი მარეგულირებელი ეკონომიკის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება გაერთიანებული. უწყების ძირითადი ამოცანა სარკინიგზო სფეროში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

რკინიგზის მარეგულირებელი სააგენტოს შექმნისთვის კანონში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო. პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, ახალი უწყების ბიუჯეტი 1.3 მილიონი ლარი იქნება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაინიშნება ახალი მარეგულირებლის უფროსად.

მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სააგენტოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მისთვის დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება;

გ) სარკინიგზო საწარმოსთვის უსაფრთხოების სერტიფიკატის გაცემა, განახლება, შეჩერება და გაუქმება;

დ) ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭება, განახლება, შეჩერება და გაუქმება;

ე) ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმების შემუშავება და დამტკიცება;

ზ) გასცეს, დაადასტუროს და აღადგინოს მატარებლის მემანქანის მართვის მოწმობა;

თ) შეაჩეროს და გააუქმოს მემანქანის მართვის მოწმობის მოქმედება, აგრეთვე მიიღოს სარკინიგზო საწარმოსთვის ან ინფრასტრუქტურის მენეჯერისთვის მემანქანის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება და იგი შესაბამის პირს წარუდგინოს;

ი) მემანქანის მართვის მოწმობისა და სერტიფიკატის ფორმების შემუშავება და დამტკიცება;

კ) პირისთვის მემანქანეთა პროფესიული სწავლების სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება, შეჩერება და გაუქმება, ასევე შესაბამისი წესების შემუშავება და დამტკიცება;

ლ) მატარებლის მემანქანის გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების შემუშავება და დამტკიცება;

მ) განახორციელოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების მონიტორინგი, ჩაატაროს მემანქანის გამოცდა ან/და ტესტირება ან მონაწილეობა მიიღოს მის ჩატარებაში;

ნ) საქართველოს ტერიტორიაზე სარკინიგზო ქსელში მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით განახორციელოს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, დაადგინოს გამოვლენილი დარღვევა და ამ მიზნით გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანოებისგან;

ო) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მემანქანეთა პროფესიული სასწავლო ცენტრის მონიტორინგის განხორციელება;

პ) დაამტკიცოს მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი და აწარმოოს აღნიშნული რეესტრი;

ჟ) დაამტკიცოს მემანქანის სერტიფიცირებისა და მემანქანის მართვის უფლების შესახებ ნორმების დარღვევის აღკვეთისა და პრევენციის მიზნით გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების განხორციელების წესი.

რ) რკინიგზით მგზავრების გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება;

ს) უსაფრთხოების წესების/ტექნიკური რეგლამენტების შესრულების ზედამხედველობა;

ტ) სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და მოძრავი შემადგენლობის სახელმწიფო რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრის წარმოებისათვის სათანადო პირობების მომზადება;

უ) გამოსცეს საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება და შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ფ) სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესების შემუშავება;

ქ) სხვა ქვეყნების შესაბამის სარკინიგზო უსაფრთხოებისა და მარეგულირებელ ორგანოებთან, ურთიერთობა ინფორმაციის გაცვლის, აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, ასევე კანონმდებლობით დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად;

ღ) სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო კონცეფციების, პოლიტიკის დოკუმენტებისა და პროგრამების/პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა უფლებამოსილების ფარგლებში;

ყ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საქართველოს სახელით მონაწილეობის მიღება მათ მიერ გამართულ შეხვედრებში (შეხვედრები, სემინარები, კონფერენციები, ა.შ.), საქართველოს ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად უფლებამოსილების ფარგლებში;

შ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება;

ჩ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების პერიოდულად მომზადება;

ც) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი კვლევების მომზადების ან მათი მომზადების პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა;

ძ) საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების, მისი გაფორმების წესისა და პირობების, ასევე საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობა კომპეტენციის შესაბამისად;

წ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობისა და ფუნქციების განხორციელება,”- ნათქვამია დოკუმენტში.

პარლამენტში წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით, ახალი სააგენტო 12 ადამიანს დაასაქმებს. მისი ოპერირების პირველი წლის ბიუჯეტი 1.3 მილიონი ლარით, ხოლო შემდგომი წლების ბიუჯეტი 1.5 მილიონი ლარით განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები