2026 წლიდან საქართველოში ოქროს ზოდებისა და საინვესტიციო მონეტების მიწოდება და იმპორტი დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდება - ამას ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორია ფინანსთა სამინისტრო, უწყების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყანაში მოქმედი საგადასახადო ნორმები არ უწყობენ ხელს საქართველოს რეგიონულ ოქროს ჰაბად გარდაქმნას, ამიტომაც ამ მიმართულებით (ზოდები და მონეტები) ვაჭრობის მაჩვენებლები დაბალია. ფინანსთა სამინისტრო ასევე მოელის, რომ ოქროს იმპორტსა და მიწოდებაზე დღგ-ის გაუქმება ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვასაც შეუწყობს ხელს.
ფინანსთა სამინისტროს პოზიცია ოქროს ზოდებით ვაჭრობასა და იმპორტზე დღგ-ის გაუქმების ეკონომიკური ეფექტის შესახებ - კანონის განმარტებითი ბარათის მიხედვით:
"არსებული რეგულაციების მიხედვით, საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი იბეგრება დღგ-ით. საინვესტიციო ოქროს დღგ-ით დაბეგვრის არსებული რეჟიმი ასუსტებს საქართველოს, როგორც ოქროს რეგიონული ჰაბის, პოტენციალს და ხელს უშლის საინვესტიციო მიზნის მქონე საქონლის იმპორტს.
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და უცხოური კაპიტალის მოზიდვას. კერძოდ, გაიზრდება საქართველოს ბაზრის კონკურენტუნარიანობა რეგიონულ დონეზე, რაც გაზრდის საინვესტიციო ოქროს შემოტანის, შენახვისა და რეექსპორტის მოტივაციას. საინვესტიციო ოქროს დღგ-ისგან გათავისუფლებით იგი ფაქტობრივად გათანაბრდება სხვა ფინანსური აქტივების/ინსტრუმენტების დაბეგვრის რეჟიმთან (მაგ. ფასიანი ქაღალდები), რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ბაზრის სტაბილურ განვითარებას.
კანონპროექტის მიხედვით დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება საინვესტიციო ოქროს მიწოდება და იმპორტი, რაც საშუალებას მისცემს ამ საქონლის მიმწოდებელს ჩაითვალოს ამ ოპერაციასთან დაკავშირებულ ხარჯებზე (მაგ, შეფუთვა და ტრანსპორტირება, ოქროს სიწმინდის ტესტირება, ოქროს ჩამოსხმა და გარდაქმნა ზოდებად და სხვა) გადახდილი დღგ.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ განსაზღვრავს საინვესტიციო ოქროს ცნებას, რამაც შესაძლებელია შექმნას გაურკვევლობა ბაზრის მონაწილეთა შორის. შესაბამისად, ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ყალიბდება საინვესტიციო ოქროს დეფინიცია.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საინვესტიციო ოქროს მიწოდებისა და იმპორტის ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებას. 2023-2024 წლების განმავლობაში იმპორტირებული საინვესტიციო ოქროს ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 194 500 ლარს, ხოლო დღგ-ის სახით ბიუჯეტში გადახდილი თანხა დაახლოებით 35 000 ლარი იყო. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების შედეგად შემცირდება სახელმწიფო ბიუჯეტისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი.
მოსალოდნელია, რომ ფინანსური შედეგები აღნიშნულ პირთათვის იქნება დადებითი, რადგან საინვესტიციო ოქროს იმპორტისა და მიწოდების დღგ-ისგან გათავისუფლება ამცირებს ინვესტიციის ფაქტიურ ღირებულებას დაახლოებით 18%-ით, გაიზრდება ოქროს ბაზრის ლეგალური ბრუნვა, რაც შექმნის წინაპირობებს ფინანსური სექტორისა და ფინანსური ინსტრუმენტების (მაგ., ოქროს სერტიფიკატები) განვითარებისათვის,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.
საქართველოში საინვესტიციო კატეგორიის ოქროს ზოდებითა და მონეტებით ვაჭრობა ბოლო ორი წლის განმავლობაში საკმაოდ გააქტიურდა. არსებული სტატისტიკის თანახმად, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 2,384 ერთეული ოქროს ზოდი, 429 მილიონ ლარად გაყიდა.




























