საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია ათობით შპს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ, თუმცა ამ კომპანიების შედეგები არასახარბიელოა და ისინი წლიდან წლამდე სოლიდურ ზარალზე გადიან. ბოლო მონაცემები, რაც მათ შესახებაა ცნობილი 2020 წლით თარიღდება, როდესაც 143 სახელმწიფო კომპანიის ჯამური ზარალი 1.04 მილიარდი ლარი იყო.
ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა, რომ მთავრობა სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგიას წელს დაამტკიცებს. მისი განმარტებით, წელსვე ამ სტრატეგიის გათვალისწინებით სხვადასხვა კანონში შევა ცვლილებები.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების სტრატეგია სავალუტო ფონდთან კონსულტაციებით შემუშავდა და მასში არაერთი ცვლილება შევიდა.
“ჩვენ სავალუტო ფონდის მისიამდეც გამოცხადებული გვქონდა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა პრიორიტეტად და სახელმწიფო ელექტროსისტემაში დავიწყეთ ცვლილებები. ასევე შემუშავებულია რეფორმის სტრატეგია, თუმცა გარკვეული კორექტირებები მოხდა, რაც აქციონერის როლს და ფუნქციას უკავშირდებოდა, თუ რომელმა უწყებამ უნდა შეასრულოს და რა იქნება უმჯობესი. ჩვენ საკმაოდ კარგი განხილვები გვქონდა სავალუტო ფონდთან და განვიხილეთ ძალიან ბევრი ქვეყნის მაგალითი, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ეს რეფორმა. შევარჩიეთ რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მეტად იქნება მისაღები. შევთანხმდით, რომ მომდევნო ერთ თვეში ამ სტრატეგიას მივცემთ საბოლოო სახეს და ამ სტრატეგიაში გაიწერება ის ძირითადი 5 სვეტი, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს რეფორმა. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფინანსთა სამინისტროს როლი იქნება გაზრდილი რეფორმის ფარგლებში, მათ შორის ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების ნაწილში იქნება ერთ-ერთი წამყვანი როლი ფინანსთა სამინისტროსი. სტრატეგიაში ეს დეტალები გაიწერება რაც შემდგომში უნდა იქცეს კანონად და ის პარლამენტს წარედგინება წლის ბოლოსთვის ის ცვლილებები, რაც საჭირო იქნება სტრატეგიიდან გამომდინარე.
გარდა ამისა, სტრატეგიაში გაიწერება ის სახელმწიფო კომპანიები, რომლებშიც წელს დაიწყება რეფორმა და შემდგომში ეს გავრცელდება ყველა მსხვილ სახელმწიფო კომპანიაზე, რომელთაც შეიძლება ეწოდოთ კორპორაცია.
ჩვენ ამ სტრატეგიის სამოქმედო გეგმით უნდა ვიმუშავოთ, რათა რამდენიმე წელიწადში მივიღოთ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი და ნაცვლად იმისა, რომ ამ კომპანიებს ჰქონდეს მნიშვნელოვანი ზარალი, მაქსიმალურად გვყავდეს ისეთი საწარმოები, რომლებიც იქნებიან კომერციულ მოგებაზე ორიენტირებული და წამყვანი როლი ექნებათ სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკურ ზრდაში. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ სუბსიდიები აკეთოს მათში, პირიქით ისინი უნდა იყვნენ დივიდენდების მომტანი და ეს უნდა იყოს ამ სტრატეგიის საბოლოო მიზანი,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ინფორმაციისთვის, სახელმწიფო კომპანიებს ჯამში 9.86 მილიარდ ლარზე დიდი ვალი აქვთ აღებული, რომელთა გადახდაც მათი გაუარესებული შედეგების გამო, შესაძლოა, გადასახადის გადამხდელებს მოუწიოთ.
სახელმწიფოს კუთვნილ კომპანიებში მთლიანობაში 56,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებშიც შრომის ანაზღაურების და თანამშრომლების აყვანის პოლიტიკა სრულიად გაუმჭვირვალეა.