მთავრობა 24 აპრილს ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, ერთდროულად იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ქვეყნის ეკონომიკაზე.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ ეფექტიანები ორივე მიმართულებით, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ზიანი, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან მიადგება მოქალაქეებს და ეკონომიკას. მოგეხსენებათ, ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დავიწყეთ. პირველ ეტაპზე დავიწყეთ აუცილებელი ზომებით, მათ შორის იყო კომუნალური გადასახადების დაფარვა მოქალაქეებისთვის; 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, დაწესდა საგადასახადო შეღავათები ბიზნესისთვის და მოხდა ბანკების პროცენტების გადავადება როგორც მოქალაქეებისთვის, ისე - იურიდიული პირებისთვის. შემდეგ ეტაპზე გამოჩნდა დიდი შრომის შედეგი, რომლითაც მთავრობამ შეძლო ჩვენი ქვეყნისთვის 3 მლრდ დოლარზე მეტის მობილიზება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან და დონორებისგან. 24 აპრილს საქართველოს მთავრობა წარმოადგენს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს, რომელიც იქნება 2 ეტაპისგან შემდგარი“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
მისივე განმარტებით, ეს არის მიზნობრივი, სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ასევე, ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.




























