მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა წელს 711 მილიონით ნაკლებს ისესხებს

63219dcd6e16b
შოთა ტყეშელაშვილი
14.09.22 14:29
942
საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2022 წლის ბიუჯეტის კორექტირების პროექტი წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, 711 მილიონი ლარით მცირდება ახალი საგარეო ვალების აღების მაჩვენებელი და ის თავდაპირველად დაგეგმილი 3.05 მილიარდის ნაცვლად, 2.34 მილიარდი ლარი იქნება.

საგარეო ვალების კლების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ლარის კურსის ცვლილებაა. მაშინ როდესაც 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა, ერთი დოლარის ღირებულება 3.11 ლარს შეადგენდა, შესაბამისად ვალის თითოეული დოლარი 3.11-ზე იყო გამრავლებული. კორექტირების პროექტით კი ახალი ვალები დოლარის 2.85 კურსშია დათვლილი. ანალოგიურად, ევროს ვალები თავდაპირველად ბიუჯეტში 3.49-ის კურსით იყო აღრიცხული, ხოლო ამჟამად 2.85-ის კურსში არის გადათვლილი. ლარის გამყარების გამო, ლარებში გამოსახული ვალის მოცულობა შემცირებულია.

გაცვლითი კურსის ეფექტის გარდა, ვალის შემცირება კონკრეტული პროექტების დაფინანსების გეგმის ცვლილებამაც განაპირობა. მაგალითად, ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსება EBRD-ის სესხით, რომელიც 100 მილიონი ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა განახლებულ ბიუჯეტში ამ პროექტისთვის 0 ლარია გათვალისწინებული. ასევე თბილისის მერია EBRD-ის დაფინანსებით წელს გეგმავდა თბილისის ავტობუსების განახლების მესამე ფაზის განხორციელებას 60 მილიონი ლარით, თუმცა განახლებულ ბიუჯეტში ამ პროექტზე თანხა გამოყოფილი არაა.

საგარეო ვალებისგან განსხვავებით, უცვლელია ახალი შიდა ვალის აღების გეგმა და ის კვლავ 1.3 მილიარდ ლარზე არის განსაზღვრული.

რაც შეეხება მთლიანად ბიუჯეტის ხარჯებს, განახლებული პროექტით, მისი მოცულობა 480 მილიონით, 19.65 მილიარდ ლარამდე იზრდება. მთავრობის განცხადებით, ხარჯების მატება მოსალოდნელზე მაღალმა საგადასახადო შემოსავლებმა განაპირობა. თავდაპირველი პროექტით, წელს 13.42 მილიარდის მოცულობის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, განახლებული ბიუჯეტით კი 14.47 მილიარდის გადასახადების ამოღება არის გათვალისწინებული.

განახლებული ბიუჯეტი 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე არის გათვლილი, ნაცვლად 6%-იანი ზრდისა, რომელიც ბიუჯეტში აქამდე იყო. ახალი ეკონომიკური პროგნოზით, წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომამ მიმდინარე ფასებში რეკორდულ 72.2 მილიარდ ლარს უნდა მიაღწიოს. განახლებული პარამეტრებით მცირდება ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და ის 4.4%-ის ნაცვლად 3.2% იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები