მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,2%-მდე გაზარდა, მომდევნო წლის ბიუჯეტი კი 5,5%-იან ზრდაზე დაგეგმა

ეკონომიკური ზრდა

მთავრობამ მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 8,2%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ 2025 წლის ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ აქამდე პროგნოზი ერთხელ უკვე გადაიხედა და ის 5,2%-დან 6%-მდე გაიზარდა.

"როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.

ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.

დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც.

კერძოდ, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენდა.

წლის პირველ ნახევარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც გადაიხედა წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაცვლად 5,2%-ისა, განისაზღვრა 8,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს შეადგენს",- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, მთავრობამ 2025 წლის ბიუჯეტი 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმა, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები