ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის საპროგნოზო ბალანსში ცვლილება შეიტანა. 22 მაისს დამტკიცებულ დოკუმენტში დეკემბერთან შედარებით ელექტროენერგიის ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი 776 მლნ კვტ.სთ-მდეა გაზრდილი, მაშინ როდესაც დეკემბერში დამტკიცებულ ბალანსში ექსპორტის საპროგნოზო მაჩვენებელი 674 მლნ კვტ.სთ იყო.
საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ის მაინც ჩამორჩება გასული წლების რეალური ექსპორტის მონაცემებს. შარშან საქართველომ მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გაყიდა, 2023 წელს კიდევ უფრო მეტი თითქმის 1.5 მილიარდი კვტ.სთ-ის ელექტროენერგია გაიტანეს ექსპორტზე.
სამინისტრო წელს ექსპორტს მაისში, ივნისსა და ივლისში პროგნოზირებს. კერძოდ, მაისში 394 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია უნდა გავიდეს ექსპორტზე; ივნისში - 293 მლნ კვტ.სთ, ხოლო ივლისში - 82 მლნ კვტ.სთ.
რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, წელს იმპორტი საპროგნოზო მაჩვენებელი 1.3 მილიარდ კვტ.სთ იქნება, დეკემბერში დამტკიცებულ საპროგნოზო ბალანსში იმპორტის მოცულობა 748 მლნ კვტ.სთ იყო. აღსანიშნავია ის, რომ აქ ასევე შედის რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთისთვის ნაყიდი ელექტროენერგიაც, რომელსაც რეგიონი სპეციალურ ფასად იღებს.




























