თბილისში, ახალი სტადიონის მშენებლობის უწყებათშორისმა კომისიამ, 14 აგვისტოს სხდომაზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სტადიონის პროექტირება - მშენებლობის შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილება კი მთავრობამ მოიწონა. შესაბამისი, 1338-ე განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე 14 აგვისტოს თარიღით გამოქვეყნდა.
ცნობისთვის, თბილისში, ვაზიანში, ახალი აეროპორტის მიმდებარედ ახალი 70 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენება საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 22 აპრილს დააანონსა. მალევე - 2 მაისს ირაკლი კობახიძემ განკარგულება გამოსცა - ახალი სტადიონის შექმნასთან დაკავშირებით სპეციალური უწყებათაშორისი კომისიის შექმნის თაობაზე. კომისიის თავმჯდომარე თავად ირაკლი კობახიძეა და მასში ეკონომიკის, სპორტისა და კულტურის, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, ასევე თბილისის მერი შედიან.
ახალი სტადიონი 70,000 მაყურებელზე უნდა იყოს გათვლილი და მასზე მთავრობას სურს, რომ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართოს.
თავდაპირველად „ოცნების“ მთავრობა სტადიონის მშენებლობის სავარაუდო თარიღად 2026 წლის აპრილს ვარაუდობდა, მიმდინარე წლის ივნისში კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სტადიონის მშენებლობის დაწყება წელს სექტემბერში იქნებოდა შესაძლებელი.
ვაზიანში ახალი სტადიონის მშენებლობისთვის ადგილის განსასაზღვრად მთავრობამ ჰოლანდიური კომპანია The Stadium Consultancy B.V. 755,000 ევროდ დაიქირავა. ხელშეკრულების თანახმად, The Stadium Consultancy B.V. პროექტის ზედამხედველობას 2029 წლის აპრილამდე განაგრძობს.




























