მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ ნაგავსაყრელის ასაშენებლად EBRD-სგან სესხი 2015-ში აიღო, ტენდერი წელს გამოცხადდა

61f7fc2fd4fe2
შოთა ტყეშელაშვილი
01.02.22 00:30
1152
2015 წლის მაისში მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და EBRD-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა სუმა ჩაკრაბარტიმ ხელი მოაწერეს 7 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ქვემო ქართლში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობას შეეხებოდა. პროექტის გაფორმებიდან თითქმის 7 წლის გასვლის შემდეგაც ახალი ნაგავსაყრელი აშენებული არაა, მეტიც, მასზე აქამდე ტენდერიც არ იყო გამოცხადებული, თუმცა პროექტის მიხედვით, ევროპული სტანდარტების მყარი ნარჩენების პოლიგონს პირველი ნაგავი 2018 წელს უნდა მიეღო.

“ახალი ნაგავსაყრელი 2015-2018 წლებში აშენდება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიხურება რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები. პროექტი ასევე გულისხმობს მანქანა-დანადგარების, კონტეინერებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენას,” - ეწერა მთავრობის მიერ მაშინ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

მყარი ნარჩენების პოლიგონის მშენებლობა 10 მლნ ევრო უნდა დაჯდეს, მასში 7 მლნ ევრო EBRD-ის კრედიტი, 3 მილიონი ევრო კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) გრანტია.

როგორც ირკვევა, პროექტის გაჭიანურება ინფრასტრუქტურის სამინისტროს “მყარი ნარჩენების კომპანიის” მიერ შესაბამისი დოკუმენტების მომზადებაზე დახარჯულმა დრომ გამოიწვია.

პროექტისთვის ტენდერი თავად EBRD-მ გამოაქვეყნა. მისი მიხედვით, ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) 200,000-ზე მეტ მომხმარებელს მყარი ნარჩენების ახალი პოლიგონი მოემსახურება. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 28 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. უცნობია რამდენი ხანი გასტანს სამშენებლო სამუშაოები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები