მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ საერთაშორისო იურიდიულ კომპანია White & Case-ს უკვე ₾120 მილიონზე მეტი გადაუხადა

white & Case

White & Case-ი გლობალური იურიდიული კომპანიაა, რომლის გუნდიც 2,600 ადვოკატისგან შედგება. კომპანიის წლიური შემოსავალი 2.8 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ბოლო რამდენიმე წელია White & Case-ი საქართველოს მთავრობის ფავორიტი იურიდიული კომპანიაა, სწორედ ამიტომ ყველაზე მეტ საარბიტრაჟო დავაში სახელმწიფოს სწორედ ეს კომპანია წარმოადგენს. 

იუსტიციის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კომპანიას 2020 წლის შემდეგ 8 სხვადასხვა კონტრაქტი გაუფორმდა, რომელთა ფარგლებშიც ამ დრომდე 120 მილიონ ლარზე მეტი არის გადახდილი. ხელშეკრულებების მიხედვით, გადასახდელი თანხა კომპანიის იურისტების მიერ საათობრივად შესრულებული სამუშაოს კალკულაციით ითვლება. იუსტიციის სამინისტრო White & Case-ის პარტნიორებს საათში 1,300 დოლარს უხდის. ეს ნიშნავს რომ მაგალითად ჩარლზ ნაირაკი, რომელიც ერთ-ერთ დავაში წამყვანი იურისტია ორ საათში იღებს უფრო მეტ ანაზღაურებას, ვიდრე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მთელი თვის განმავლობაში. 

იქიდან გამომდინარე, რომ საარბიტრაჟო დავები წლობით გრძელდება, მათ მომსახირებაზე სახელმწიფოს მიერ გადახდილი თანხები ყოველწლიურად ათობით მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელს ეს 70 მილიონი ლარია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით კი ამ მიმართულებით 58 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. 

White & Case-ზე არბიტრაჟების იურიდიული ხარჯების ნახევარზე მეტი მოდის, მათ გარდა საქართველოს მთავრობას სხვა საერთაშორისო იურიდიული კომპანიებიც ჰყავს დაქირავებული, ესენია Dechert-ი (გადახდილია 17 მლნ ლარი), AARPI Gaillard Banifatemi (25 მლნ ლარი), Shearman & Sterling-ი (გადახდილია 1 მლნ-ზე მეტი). 

რა საქმეებზე მუშაობენ მთავრობის მიერ დაქირავებული უცხოელი იურისტები:

  • „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
  • „მაგთის“ მფლობელი კომპანიების – TELCELL WIRELESS LLC და INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინვესტორის ბობ მეიერის დავა – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
  • „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ დავაში ტრიბუნალი აფასებს, მიაყენა თუ არა საქართველოს მთავრობამ „კავკასუს ონლაინის” ინვესტორს $200 მილიონი დოლარის ფინანსური ზარალი.

2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ წააგო მრავალწლიანი დავა რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 76 მილიონი დოლარის კომპენსირება დაევალა. თუმცა, მთავრობის განცხადებით, ამ საქმეზე იურიდიული წარმოება სრულად დასრულებული არაა. 

როგორც BMG-სთვის არის ცნობილი, 2023 წელს დაწყებული ერთ-ერთი დავა  შვეიცარიელ ინვესტორს რონალდ ვოლდმენს და შპს “ბაზელს” უკავშირდება.  ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ  საარბიტრაჟო სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიტანა. 

ამასთან, 2022 წელს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია, რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ  ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, სავარაუდოდ ENKA-ს მიერ მოთხოვნილი თანხაც, ასობით მილიონი დოლარი იქნება.

იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული პროცესები საქართველოს საწინააღმდეგოდ დასრულდება, მაშინ ქვეყნის ბიუჯეტს სოლიდური ხარჯების გაღება მოუწევს, რაც ფინანსთა სამინისტროს შეფასებით ერთ-ერთ ფისკალურ რისკს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები