მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ "საქართველოს განვითარების ფონდის" ლიკვიდაციის კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინა

დავით საგანელიძე

მთავრობამ "საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდი") ლიკვიდაციის კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარუდგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, ფონდის საკრედიტო პორტფელი და ოპერაციები ეკონომიკის სსიპ-ს "აწარმოე საქართველოში" შეერწყმება. ამ შერწყმის შემდეგ კი მთავრობა ახალი ფინანსური ინსტიტუტის - "ეკონომიკის განვითარების ბანკის" დაფუძნებას გეგმავს, რისთვისაც პარლამენტს ცალკე კანონპროექტი წარედგინება, შესაბამისად უშუალოდ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციონირების შესახებ მეტი დეტალი ჯერჯერობით უცნობია.

რაც შეეხება "საქართველოს განვითარების ფონდს", ანუ ყოფილ "საპარტნიორო ფონდს" მას წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და IMF-ს შორის არსებული პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტების გაცემა შეზღუდული ჰქონდა, რადგანაც IMF-ის შეფასებით "საპარტნიორო ფონდის" ოპერაციები ბიუჯეტისთვის მნიშვნელოვან ფისკალურ რისკს შეიცავდა. თუმცა 2023 წლის მაისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფონდის რეორგანიზაცია მოხდა და მისი შემადგენლობიდან მსხვილი სახელმწიფო კორპორაციების გამოსვლის პროცესი დასრულდა. ამის შემდეგ კი "საქართველოს განვითარების ფონდმა" ახალი სესხების გაცემა განაახლა.

კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები