საქართველოს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 2023 წლის პირველ ნახევარში 236 მილიონი ლარი დახარჯა. ეს წინა წელთან შედარებით 41 მილიონი ლარით მეტია და შტატგარეშე ხელფასების რეკორდს წარმოადგენს. თუკი მსგავსი ტენდენცია წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მაშინ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები 450 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი შტატგარეშე მოხელე მუშაობს სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. თუმცა შესრულების ანგარიშიდან ირკვევა ის, რომ შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურებები ყოველწლიურად მზარდია.
შტატგარეშეებთან ერთად გაიზარდა შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც. 2023 წლის ნახევარში კვარტალში მათზე ჯამში 1,03 მილიარდის ხელფასები გაიცა, რაც წინა წელთან შედარებით 151 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, წელს სამინისტროებსა და სსიპ-ებში დასაქმებული 113 ათასი ადამიანი ხელფასის სახით ჯამში 2.2 მილიარდ ლარს აიღებს. შესაბამისად, წელს შტატიან და უშტატო მოხელეებზე ბიუჯეტმა უკვე 1.26 მილიარდი ლარის ანაზღაურებები გასცა (მატება 195 მილიონი ლარი).
მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით გაზრდას გეგმავს.
ფინანსთა სამინისტრომ საჯარო მოხელეებისთვის ხელფასები 2022 წელს 10%-ით უკვე გაზარდა, რაც საბაზო ხელფასის 1,100 ლარამდე გაზრდით მოხდა.
საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირები. საჯარო სექტორში შედის 60,000-მდე პედაგოგიც, რომლებიც საჯარო სკოლებში ასწავლიან, ასევე ათასობით ადამიანი, რომლებიც მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სსიპ-ებსა და ააიპ-ებში არიან დასაქმებული. საგულისხმოა ფაქტი, რომ ფინანსთა სამინისტრო არ აქვეყნებს ჯამურ მონაცემს თუ რამდენი მილიარდი ლარი იხარჯება საჯარო სექტორში დასაქმებული 301,000 ადამიანის ხელფასზე და სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ სამინისტროებსა და ძირითად სსიპ-ებში დასაქმებულთა (113,000 პირის) ხელფასებს აღრიცხავს.