ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყანამ 827,196,141 ლარის ახალი ვალი აიღო, რაც 6 თვის გეგმის [₾1,565,694,233] 52.8%-ია, ხოლო წლიური გეგმის - 24.1%.
კერძოდ, იანვარ-მაისში საშინაო ვალდებულებების სახით ბიუჯეტში შევიდა 568,279,045 ლარი, რაც 6 თვის გეგმის 73.8%-ია.
რაც შეეხება საგარეო ვალდებულებებს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 თვეში დაგეგმილი ჰქონდათ 796,014,233 ლარის უცხოური ვალის აღება, მაგრამ ჩამოირიცხა 258,917,096 ლარი, რაც გეგმის 32.5%-ია.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ვალდებულებები მოიცავს როგორც საინვესტიციო გრძელვადიან შეღავათიან კრედიტებს, რომელსაც მთავრობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის იღებს, ასევე უშუალოდ ბიუჯეტის მხარდამჭერ კრედიტებს.
როგორც ირკვევა, საანგარიშო პერიოდში, უშუალოდ საინვესტიციო კრედიტების 6 თვის გეგმა შესრულდა 49.2%-ით ანუ 6 თვეში ელიან 526,014,233 ლარს და მაისის ბოლოსთვის მიღებული იყო 258,917,096 ლარი, ხოლო უშუალოდ ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების გეგმა 0%-ითაა შესრულებული - 6 თვეში უნდა მიეღოთ 270,000,000 ლარი, მაგრამ ხუთ თვეში 1 ლარიც არ ჩარიცხულა.
BMG-მ მიმართა ფინანსთა სამინისტროს, რათა გავარკვიოთ, გაუჭირდა თუ არა და თუ - კი, რატომ, ფინანსთა სამინისტროს საგარეო ვალის აღება და მათ შორის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების, ასევე, რომელი დონორებისგან უნდა მიეღო ქვეყანას 270 მლნ ლარი.





























