მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს

60ab82f656a4b
შოთა ტყეშელაშვილი
24.05.21 14:48
1084
საქართველოს მთავრობას მის საკუთრებაში არსებული ათასობით ტონა სპირტის გაყიდვა უჭირს - ამის შესახებ BMG-ის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მთავრობას ათასობით ტონა სპირტი რთველის სუბსიდირების პროგრამის გამო დაუგროვდა, ამასთან 2020 წელს სახელმწიფომ სუბსიდირების გზით უპრეცედენტო მოცულობის - 104 მილიონი ლარის ყურძენი ჩაიბარა. 

ამ ყურძნისგან მთავრობა საკონიაკე სპირტს ხდის და მას შემდეგ ეტაპობრივად ბაზარზე ყიდის თუმცა, როგორც ირკვევა სპირტის რეალიზაციის მიმართულებით პრობლემები არსებობს. სუბსიდირების და სპირტის გამოხდის პროცესი სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის “აკურას” გავლით ხდება. ლევან დავითაშვილმა BMG-ის განუცხადა, რომ “აკურამ” 2020 წელს მევენახეებისგან რთველი არამხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან, არამედ ბანკის კრედიტით მოზიდული სახსრებითაც ჩაიბარა.

“თქვენ იცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე “აკურას” მოუწია დიდი რაოდენობის ყურძნის შესყიდვა, რომელიც გარკვეულწილად იყო კომპანიის საკუთარი სახსრებით დაფინანსებული, გარკვეულწილად იყო სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებული სახსრები და ნაწილობრივ იყო საკრედიტო სახსრები.

კრედიტის უკეთესად მართვისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ასიგნებები გვქონოდა რთველის ღონისძიებების მართვისთვის და წინსწრებად ყოფილიყო მიმართული აკურას ანგარიშზე. ეს იყო 13 მილიონი ლარი და წინა მთავრობაზე განვიხილეთ.

თქვენ იცით, რომ ძირითადად ხდება საბრენდე სპირტის წარმოება. მისი რეალიზება ხდება აუქციონის მეშვეობით, რამდენიმე აუქციონი ჩატარდა ამისთვის და იმ ფასად, რა ფასიც იყო თვითღირებულება, ვერ მოხდა მისი რეალიზაცია. სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესში ასეთი პრაქტიკა არსებობს, რომ ხდება გარკვეული ფასდაკლება და შესაბამისად ხდება აუქციონების განმეორება. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მოვახდენთ ამ მარაგების რეალიზაციას რადგან ფიზიკურად მარაგები არის სავსე. მარაგის ზუსტი მოცულობის შესახებ ვერ მოგახსენებთ, აბსოლუტურ ალკოჰოლში ეს შეიძლება იყოს 6,000 ტონა სპირტი,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რთველის სუბსიდირების არსებული მოდელის მეშვეობით, მთავრობა მის დაქვემდებარებაში არსებულ ღვინის ქარხნებს ყურძნის შესყიდვას ავალებს და პროცესს სახელმწიფო სუბსიდიით აფინანსებს. ეს ღვინის ქარხნები ყურძენს გადაამუშავებენ და მისგან სპირტს და ღვინო-მასალას აწარმოებენ, რაც შემდგომში საწყობდება და ეტაპობრივად აუქციონების გზით იყიდება. სახელმწიფოს მიერ დამზადებულ სპირტს და ღვინო-მასალას შემდეგ თავიანთ ნაწარმში ღვინის და კონიაკის კერძო მწარმოებლები იყენებენ. მთავრობის განცხადებით, სუბსიდიის არსებული მოდელი საჭიროა, რათა ბაზარზე "ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს".

მთლიანობაში 2020 წლის რთველის პროცესში სახელმწიფომ ინდუსტრიულად ჩაბარებული ყურძნის ⅓ შეისყიდა, ეს კი ნიშნავს, რომ მევენახეთა ერთ მესამედზე მეტმა საკუთარი მოსავალი საბიუჯეტო ორგანიზაციას მიყიდა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “აკურა” და “მოსავლის მართვის კომპანია”  სპირტს პრივატიზაციის გზით ყიდიან. eAuction.ge-ის სისტემის მიხედვით, დღეს 15:00-ზე მთავრდება 54 აუქციონი, რომლითაც 43.3 მილიონ ლარად 6,000,000 ლიტრი საკონიაკე სპირტი იყიდება. ამ აუქციონების მნიშვნელოვან ნაწილში ჯერჯერობით არცერთი ბიჯი არ არის დაფიქსირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები