მთავრობა რთველის სუბსიდირების პრაქტიკას აგრძელებს. მიმდინარე წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტიდან ჯამში 85 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. აქედან 35 მილიონი ლარი კერძო კომპანიების მიერ 1 კგ. რქაწითლის მინიმუმ 1 ლარად ჩაბარებას მოხმარდება, ხოლო 50 მილიონი ლარი - ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2024 წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი დაახლოებით 300 000 ტონაა და სუბსიდირების შედეგად, 20 000-ზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის საშუალება მიეცემა. კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრია. სუბსიდიას კი მიიღებს ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითლის ჯიშის ყურძენს და ერთი კილოგრამი სანაცვლოდ ჩამბარებელს მინიმუმ ერთ ლარს გადაუხდის.
მთავრობის სხდომის შემდეგ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სუბსიდირებისთვის ბიუჯეტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული. შესაბამისად, ერთ კილოგრამი რქაწითლის ფასის 20 თეთრით დასუბსიდირება ბიუჯეტს 35 მილიონი ლარი დაუჯდება.
რაც შეეხება ყურძენს, რომელიც 500-მდე კერძო კომპანიის მხრიდან შესყიდვის შემდეგ ბაზარზე დარჩება, მას „მოსავლის მართვის კომპანია“ შეისყიდის, რისთვისაც 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. ოთარ შამუგიას თქმით, პირველი რიგის ამოცანაა, რომ სახელმწიფო საწარმოს არ მოუწიოს მიღება და კერძო სექტორმა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ყურძნის შესყიდვა შეძლოს.
საქართველოში რთველი 2008 წლიდან, რუსეთის მიერ ქართულ ღვინოზე ემბარგოს დაწესების შემდეგ სუბსიდირდება. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი 2021 წელს დახარჯა. 2023 წელს კი ამ მიმართულებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯა.
როდის შეწყვეტს მთავრობა რთველის სუბსიდირებას? - მინისტრის განმარტება