მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ორი მიზეზი აქვს" - რატომ იწყებს სახელმწიფო კომპანია საფერავის 1.5 ლარად ჩაბარებას?

შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც სახელმწიფო საფერავის ჯიშის ყურძნის ჩაბარებაში ჩაერთო.

მისი განმარტებით, მიმდინარე წლის რთველის სეზონზე გადამუშავებული საფერავის რაოდენობა 2-ჯერ აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ჭარბი მოსავლის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საფერავი საჭიროებს დროულ დაბინავებას, რომ ხარისხი არ გაუარესდეს. სწორედ ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ იწყებს 1 კგ. საფერავის ჯიშის ყურძნის 1.50 ლარად მიღებას. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე 1.50 ლარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა სხვაობას აუნაზღაურებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ შამუგია კახეთის მხარის რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, რთველის მიმდინარეობას თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“-ში გაეცნო.

„საფერავის ჯიშის ყურძნის ნაწილში სახელმწიფოს აქტიურ ჩართულობას ორი მიზეზი აქვს - ერთი უხვი მოსავალი და მეორე, კლიმატური პირობები, რომლის გამოც მევენახეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააბარონ ყურძენი. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია გადამუშავებული საფერავის რაოდენობა. მევენახეებს უნდა მივცეთ საშუალება, დროულად ჩააბარონ ყურძენი; სწორედ ამიტომ გაჩნდა საჭიროება, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ლოკაციაზე მიიღოს ყურძენი და შესაბამისი თანხა გადაუხადოს მევენახეებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ცნობითვე, გადაწყვეტილებას მევენახეები დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ მათთვის ეს გარკვეული შეღავათია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები