მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ მიზნით ბიუჯეტში 35 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
BMG დაინტერესდა, როდის გამოვა მთავრობა სრულად რთველის სუბსიდირებიდან, რაზეც მინისტრს ზუსტი პასუხი არ აქვს. ის ამბობს, რომ ეს ეტაპობრივად მოხდება და უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯი გასულ წელს, როდესაც კილოგრამ ყურძენზე სუბსიდია 35-დან 20 თეთრამდე შემცირდა.
„ვაკეთებთ ანალიზს, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ პროცესიდან ეტაპობრივად გამოვიდეთ. იცით, რომ სახელმწიფო საწარმოც ერთვება ჩაბარების პროცესში, როცა ჭარბია ყურძენი. აქაც ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, გასული წელი იყო ამ მხრივ საუკეთესო, ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო საწარმოს კახეთში ყურძნის 10%-ზე მეტი არ მიუღია. დაახლოებით 18 000 ტონა იყო, ისიც დასეტყვილი ყურძენი. ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანაა, რომ სახელმწიფო საწარმოს არ მოუწიოს მიღება და კერძო სექტორმა მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ყურძნის შესყიდვა შეძლოს.
[ღვინის] ექსპორტი, მოთხოვნა ყურძენზე რომ მზარდია, სწორედ ამან მოგვცა საშუალება, გასულ წელს 35 თეთრიდან 20 თეთრამდე ჩამოგვეყვანა სუბსიდიის მოცულობა. შესაბამისად, წელს ვფიქრობთ, რომ შემდგომი ნაბიჯის გადადგმა არ იქნება სწორი. არაერთი შეხვედრა გვაქვს და მეღვინეებთან, საწარმოებთან ერთად ვმსჯელობთ, თუ როგორ წარიმართოს პროცესი. ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ, გადაწყვეტილებას ცალმხრივად არ ვიღებთ. ვფიქრობთ წელსაც, ასეთი ტიპის ჩარევა [სუბსიდირება] საჭიროა. ვნახოთ შემდგომ წლებში როგორ განვითარდება მოვლენები“,- განმარტა მინისტრმა, რომელმაც BMG-ის კითხვებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ უპასუხა.
მისივე განმარტებით, იმისთვის, რომ სახელმწიფოს ამ ფორმით ჩარევა აღარ მოუწიოს, მთავარი ისაა, რომ მოთხოვნა გაიზარდოს, მეტ ბაზარზე და მეტი რაოდენობით ღვინო გავიდეს.
„[ღვინის ექსპორტის] სტატისტიკა, რომელიც მზარდია, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეტაპობრივად გამოვიდეთ ამ პროცესიდან. სრულად როდის გამოვალთ, ამას დრო გვიჩვენებს“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცნობისთვის, წელს კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 1 კგ. რქაწითელზე 20 თეთრს შეადგენს. სუბსიდიას კი მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და შესყიდული ერთი კილოგრამი ყურძნის სანაცვლოდ ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ ერთ ლარს.