საქართველოს სახელმწიფო ვალის საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 5%-ს მიაღწია, რაც რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს. შედარებისთვის, 2023 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალის განაკვეთი 4.9%-ს, 2022-ში 3.9%-ს, 2021 წელს კი 2.5%-ს შეადგენდა. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ვალის საშუალო განაკვეთის მატება საგარეო ვალის განაკვეთების ზრდას უკავშირდება.
საქართველოს მთლიანი სახელმწიფო ვალი 32.1 მილიარდი ლარია, საიდანაც 23.3 მილიარდი ლარი ($8.67 მილიარდი) საგარეო ვალია, ხოლო 8.8 მილიარდი ლარი შიდა ვალია, რომელსაც მთავრობა სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით იღებს. ამჟამად საშინაო ვალის საშუალო განაკვეთები 8-9%-ის ფარგლებშია, ამასთან შიდა ვალი განთავსებულია ისეთ აქტივებში, რომელთა საპროცენტო განაკვეთი ფიქსირებულია (ობლიგაციები; სახაზინო ვალდებულებები). ხოლო საგარეო ვალის ნახევარზე მეტი ამჟამად უკვე ცვლად განაკვეთიანია და გლობალურ საფინანსო ბაზარზე არსებულ განაკვეთებზე არის დამოკიდებული. შესაბამისად, საგარეო ვალს ახასიათებს როგორც გაცვლითი კურსის, ასევე საპროცენტო განაკვეთის რისკი.
ფინანსთა სამინისტროს ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო დონორები, საკრედიტო დაფინანსებების გაცემისას უფრო მეტად ანიჭებენ უპირატესობას კრედიტების ცვლად განაკვეთში გაცემას. თუკი წარსულში დონორის კრედიტი შეიძლება ნომინირებული ყოფილიყო 0.75%-ში ან 1.5%-ში, ამჟამად ახალ ხელშეკრულებებში ის უმეტესად ნომინირებულია ცვლად განაკვეთს (EURIBOR-ს) პლუს 0.5%-ში ან 1%-ში. შესაბამისად, თუკი იზრდება საბაზო საპროცენტო განაკვეთი, მასზე მიბმული კრედიტების განაკვეთიც იზრდება. თუკი 2020-2021 წლებში ცვლადი ეს განაკვეთი ფაქტობრივად 0%-ის ტოლი იყო, ამჟამად ის საშუალოდ 3.9%-ს შეადგენს.
ეს ზრდა აისახა 2024 წელს საგარეო ვალების დაფარვის ბიუჯეტზეც, ამაზე წელს 2.12 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, რაც 2023 წელთან შედარებით 529 მილიონი ლარით მეტია. აქედან საგარეო ვალის ძირის დაფარვაზე 1.37 მილიარდი ლარი (ზრდა ₾305 მლნ), ხოლო ვალის პროცენტზე ბიუჯეტი 750 მილიონ ლარს გადაიხდის (ზრდა ₾224 მლნ).