მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობასთან ფინანსური ტრანსფერების შეზღუდვა სებ-ის მოგების განაწილების წესს შეეხება - კაკაურიძე

კაკაურიძე

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბანკს უნდა შეეზღუდოს მთავრობასთან დისკრეციული ფინანსური ტრანსფერების განხორციელების შესაძლებლობა. ამის შესახებ ფონდის მისიის შემაჯამებელ პრესრელიზში არის აღნიშნული. BMG-მ აღნიშნული საკითხის შესახებ კითხვით მიმართა ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გიორგი კაკაურიძეს, რომლის განმარტებითაც, საუბარია ეროვნული ბანკის მიერ ყოველწლიურად მიღებული მოგების ცენტრალური ბიუჯეტისთვის განაწილების საკითხზე, რომელიც სავალუტო ფონდის შეფასებით, მეტ განმარტებას საჭიროებს.

"იქ არის გარკვეული დათქმები, რა შემთხვევაში, რა რაოდენობის თანხას რიცხავს. წელს უკვე ეროვნული ბანკის სარეზერვო ანგარიში შევსებულია, ამიტომ სრულად მთლიანი მოგება გადმორიცხეს, თუმცა იქ თუ ჰქონდა ეროვნულ ბანკს უფლება, რომ გარკვეული თანხა მიემართა მის სარეზერვო ანგარიშზე და ამის უფრო ნათლად ჩაწერას გულისხმობს სავალუტო ფონდი, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული, რა მოცულობით როდის უნდა გადმოირიცხოს მისი მოგებიდან.

რეკომენდაციაა, რომ უფრო ნათლად უნდა ჩაიდოს, ანუ არ ჰქონდეს ეროვნულ ბანკს იმის საშუალება, რომ როცა უნდა გადმორიცხოს თანხა, როცა არ უნდა, არ გადმორიცხოს. ანუ დღევანდელი მდგომარეობით არის რეგულაცია, რომელიც შეუძლია ეროვნულ ბანკს მისი სარეზერვო ანგარიში შეავსოს და ამის მერე გადმორიცხოს. შეუძლია არ შეავსოს და ისე გადმორიცხოს.

ამისი უფრო ნათელ ჩაწერას ითხოვს სავალუტო ფონდი იმისათვის, რომ ზუსტად იყოს ცნობილი მოგების შემთხვევაში რა ნაწილი უნდა გადმოირიცხოს ბიუჯეტში. 670 მილიონი იყო დაახლოებით. არ არის ეს ახალი დაინტერესება, ეს ადრეც ეწერა, წინა პროგრამაშიც ეწერა, თუ ნახავთ, იქაც იგივე იყო, უბრალოდ არ შესულა ძალაში ცვლილებები კანონში და დეტალებზე ალბათ ჯობია ეროვნულ ბანკს მიმართოთ.

იქნება საკანონმდებლო ჩანაწერი, მეტი არაფერი. ეროვნული ბანკი რასაც რიცხავს იგივეს ჩარიცხავს, უბრალოდ იქნება ნათლად ჩამოყალიბებული კანონმდებლობაში,"- განაცახადა გიორგი კაკაურიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024 წელს სებ-ის მოგებიდან 302.9 მილიონი ლარი ბიუჯეტში მიიმართა, ხოლო 2025 წლისთვის გადასარიცხი თანხა კი 670 მილიონ ლარს შეადგენს რაც 2024 წელს მიღებული მოგების მთავრობისთვის განაწილებას წარმოადგენდა.

BMG-იმ საკითხთან დაკავშირებით კითხვით მიმართა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობას, რომლის პასუხსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები