საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა. კერძოდ, განხილული იქნა ანაკლიის პორტის განვითარების საკითხი. მოისმინეს კერძო პარტნიორის შერჩევის შესახებ ინფორმაცია.
რა ეტაპზეა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ინვესტორის შერჩევის პროცესი? - მინისტრის პასუხი
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს „საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზეც. აღინიშნა, რომ რკინიგზის მოდერნიზაციის შემდეგ, რომელიც 2024 წელს დასრულდება, ტვირთის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
"შეხვედრაზე რთველის მიმდინარეობის პროცესიც განიხილეს. 13 სექტემბრის მონაცემებით, ჯამში, გადამუშავებულია 51 ათასამდე ტონა ყურძენი, აქედან: 27 ათას ტონამდე - რქაწითელი, 20 ათას ტონამდე - საფერავი, 1,54 ათასი ტონა - კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მოსავალი საწარმოებს 5600 მევენახე ფერმერმა ჩააბარა.
ამასთან, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების რეკორდული მატება აღინიშნება, კერძოდ, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის მეორე კვარტალში 505.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 29.9 პროცენტით მეტია.
განიხილეს საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია. აღინიშნა, რომ 2023 წლის აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა 1,766.1 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა. იანვარ-აგვისტოში სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 16.8 პროცენტით და 14,001.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება ექსპორტის მაჩვენებლებს, იანვარ-აგვისტოში ექსპორტი 14.3 პროცენტით გაიზარდა და 4,075.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებლებს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 9,925.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.