მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის კმაყოფილება არსებულ ტემპზე, ყველაზე მეტად გვაფერხებს - მიხეილ კუკავა

643cea0b38218
მარიამ იზორია
17.04.23 20:50
774
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზები განაახლა, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით, 2024 წელს კი 5%-ით გაიზრდება. IMF-ის პროგნოზი საქართველოს ინფლაციის მაჩვენებელსაც მოიცავს. ორგანიზაცია წელს საშუალოდ 5.9%-იან, 2024-ში კი 3.2%-იან ინფლაციას პროგნოზირებს. ამასთან 2028 წლამდე საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა ფონდის პროგნოზით 5% იქნება, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სავალუტო ფონდის პროგნოზთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ, მისი თქმით, მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, საქართველოს მშპ ერთ მოსახლეზე EU-ს მაჩვენებელს უახლოვდება.

ფონდის პროგნოზით, საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი 2023 წელს 7600 აშშ დოლარს, ხოლო 2028 წლისთვის 11300 აშშ დოლარს გაუტოლდება. ამასთან, 2021 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი ევროკავშირის მაჩვენებლის 34.5%-ს შეადგენდა, 2022 წელს 37.1%-მდე გაიზარდა, ხოლო 2028 წლისთვის 46%-ს მიაღწევს.

სავალუტო ფონდის პროგნოზზე და ვახტანგ ცინცაძის განცხადებაზე BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ კომენტარს IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ კუკავა აკეთებს.

მიხეილ კუკავას შეფასებით, არსებულ ტემპთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან კმაყოფილება არის ის, რაც ყველაზე მეტად აფერხებს ქვეყანას. მისივე თქმით, კმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

„ეს ანალიზი დათვლებს ეფუძნება და ვერ ვიტყვით, რომ არარეალისტურია. მთავარი კითხვა უნდა დავსვათ, რამდენად საკმარისია ეს ქვეყნის განვითარებისთვის? და ის, რომ მაგალითად 2028 წლისთვის ჩვენი მშპ ევროკავშირის მაჩვენებლის 46% იქნება, ეს არის ის, რითაც ქვეყანა ვერ მოემზადება ევროკავშირის წევრობისთვის.

აქედან ჩანს კმაყოფილება არსებული ტემპის, რაც ყველაზე მეტად გვაფერხებს, ცუდია, როდესაც მთავრობას არ აქვს ამბიცია“ - ამბობს IDFI-ის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი.

წამყვანი შეკითხვას, არსებობს თუ არა ამ მომენტში კმაყოფილების საფუძველი, მიხეილ კუკავა ასე პასუხობს:

„მთავრობის კმაყოფილების მთავარი საფუძველი სტაბილურობა, მოკრძალებული ეკონომიკური ზრდა და ხალხის მხარდაჭერაა. რეალურად კი, ჩვენ გვჭირდება დაფიქრება, თუ რა უნდა გავაკეთოთ გრძელვადიანი და საშუალო ვადიანი ზრდისთვის. ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში სასამართლო რეფორმა, დიახ სასამართლო რეფორმა ეკონომიკური რეფორმაა, რომელსაც ძალიან ბევრი ინვესტორი უყურებს და აკვირდება. ფართო მასშტაბიანი პრივატიზაცია, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების, უარის თქმა სუბსიდირებაზე და ბაზრის დამახინჯებაზე“ - განმარტავს კუკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები