მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მთავრობის მწყობრი პოლიტიკა, რასაც ბიზნესი ყოველ წუთს ველოდებით, ჯერ არ ჩანს“ - ქეთი ქვარცხავა

62a21776be7ec
ელენე გოგბერაშვილი
09.06.22 20:33
1418
2022 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში სულ $568 მილიონი შემოვიდა. 2021 წელთან შედარებით ეს თანხა 4.3-ჯერ მეტია. მეტიც, ინვესტიციების ეს მოცულობა სტატისტიკის აღრიცხვის დაწყებიდან რეკორდულად დიდია.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ესპანეთიდან შემოვიდა, რამაც $196 მილიონი შეადგინა. ესპანეთის პირველ ადგილზე გასვლა სავარაუდოდ, კომპანია Aqualia-ს მიერ GWP-ის შესყიდვამ განაპირობა. ტოპ ინვესტორთა ზუსტ სტატისტიკას BMG საქსტატისგან გამოითხოვს.

$568-მილიონიან FDI-ს შორის $318 მილიონი არსებული კომპანიების რეინვესტიციებს წარმოადგენდა. ეს ინვესტიციების 56%-ია.

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორის, ქეთი ქვარცხავას შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ ბიზნეს სექტორი გამოცოცხლდა, თუმცა მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე რეგიონში ინვესტორები ფრთხილობენ ინვესტირებისას, თუმცა მისი შეფასებით, ტენდენცია, რასაც სტატისტიკაც აჩვენებს, დადებითია. ქვარცხავას თქმით, დადებითი სიგნალი იქნება საქართველოს ევროკავშირის წევრობაც, თუმცა ის, რაც დღეს ბიზნესს მთავრობისგან აკლია, მწყობრი პოლიტიკაა.

„ჩვენს შემთხვევაში უარყოფითი რაც მოხდა, იყო ის, რომ პანდემიის „დასრულების“ შემდეგ სამეზობლოში ომი დაიწყო, რაც ეკონომიკური სიტუაციისთვის არანაირად არ არის პოზიტიური სიგნალი, პოლიტიკური რისკი იმატებს, უცხოელი ინვესტორები უფრო ფრთხილად ეკიდებიან ასეთ ქვეყნებში ინვესტირებას, მაგრამ ამის მიუხედავად, ტენდენცია მაინც დადებითია. თითქოს ომით გამოწვეული შოკი გადავიარეთ, ევროკავშირის წევრობაც დამამშვიდებელი ფაქტორი იქნება პოლიტიკური რისკის თვალსაზრისით და მგონია უნდა გაგრძელდეს დინამიკა, ბაზარზე მოლოდინები ყოველ შემთხვევაში პოზიტიურია.

ძვრები არის, მოქმედებები მთავრობისგან, ეკონომიკის სამინისტროდან იგრძნობა და ჩანს, მაგრამ მწყობრი პოლიტიკა, რომელსაც ველოდებით ბიზნესი ყოველ წუთას, არ ჩანს.

რეინვესტირების ხარჯზე გაკეთებული ინვესტიციები კარგია, ეს მოძრაობას ნიშნავს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვინდა ეკონომიკის კარდინალური გარდაქმნა და განვითარება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული დარგების მიმართ სახელმწიფოს ჰქონდეს პოლიტიკა, რასაც ველოდებით. ეს არ ჩანს.

გასაუმჯობესებელი გვაქვს ვითარება ტრადიციულ სექტორებში. ისიც მთავარია არ დაემატოს სექტორები, სადაც კიდევ უფრო გაღრმავდება პრობლემები. მაგალითად ადმინისტრირების მექანიზმები უკვე არის პრობლემური, სადაც სახელმწიფოსთან მოქალაქეებს, ბიზნესებს აქვს შეხება, ის ადგილები უკვე არის პრობლემური. დიდ დროს იკავებს მათთან ურთიერთობა, არ არის წინასწარ განჭვრეტადი მაგალითად ნებართვების მისაღებად სახელმწიფო ადმინისტრირების მექანიზმები. ეს არ არის გამჭვირვალე, რაც უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს დღესვე გასაკეთებელია.

ასევე, ლოგისტიკა, ინფრასტრუქტურა. თუ აქამდე ალტერნატიულ გზად განვიხილებოდით, ახლა საქართველოს დერეფანი არის ძირითადი გზა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სამომავლოდაც გვაქვს პოტენციალი, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზას, რკინიგზას, პორტებს, ყველაფერს... ჩვენ კიდევ ჯერჯერობით ჩქაროსნული მაგისტრალი ვერ გავიყვანეთ ქვეყნის ცენტრიდან ქვეყნის ბოლომდე“, - აცხადებს ქეთევან ქვარცხავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები