„მთავრობის შიგნით ღია მონაცემების ხილული ჩემპიონები არ არიან“, - ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიგნება USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ღია მონაცემთა მმართველობის შეფასების ანგარიშიდან.
ანგარიშის ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ექსპერტმა ნატა გოდერძიშვილმა ისაუბრა.
- ჩვენი პროგრამა ხუთწლიანია. ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან და მთავარი მიმართულებაა, როგორ შევქმნათ მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო პოლიტიკა და როგორ გაძლიერდეს მთავრობის ანგარიშვალდებულება. სწორედ აქედან გამომდინარე, ღია მონაცემები არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, გავხადოთ მთავრობა მოქალაქეზე ორიენტირებული.
- რა არის ღია (სამთავრობო) მონაცემები და რით განსხვავდება ის საჯარო ინფორმაციისგან?
- საჯარო ინფორმაცია არის უკვე დამუშავებული მონაცემები, რაც იქმნება საჯარო დაწესებულებებში, ხოლო ღია მონაცემი არის ნედლი, დაუმუშავებელი ინფორმაცია; ის არის საჯარო ინფორმაციის ერთ-ერთი კომპონენტი, დაუმუშავებელი, ნედლი მონაცემები, რომელიც გამოქვეყნებულია ელექტრონული ცხრილის შესაბამის გამოთვლად ფორმატში (მაგ.: CSV, Open XML), ან ხელმისაწვდომია ელექტრონული სერვისის საშუალებით (API). ღია მონაცემების მთავარი მახასიათებელია, იყოს მუდმივად განახლებადი და უფასოდ ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისთვის.
- რატომ უნდა აინტერესებდეს მოქალაქეს, ბიზნესმენს ღია მონაცემების ეკოსისტემის განვითარება საქართველოში?
- პირველი - მონაცემების ღიაობა მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდას უწყობს ხელს ანუ მონაცემების საჯაროობა არ არის მთავრობის კეთილი ნება, რომ „აი, მე გაწვდით მონაცემებს“, ეს მათი ვალდებულებაა; მეტიც, მონაცემების ღიაობა მას ეხმარება უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან რაც მეტია ღია მონაცემები და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, მით მეტად სწორ გზას ადგას ქვეყანა. მეორე - ღია მონაცემების ეკოსისტემის განვითარება ბიზნესისთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს აჩენს; მაგალითად: თუ ვიცით, რამდენი ადამიანი ამთავრებს სამსახურს კონკრეტულ საათზე ან/და რამდენი ადამიანი იცდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკრეტულ გაჩერებებზე და რამდენ ხანს, ამით შეიძლება ახალი ბიზნესიდეები გაჩნდეს. ერთ მაგალითს მოვყვები - 2014 წელს, როცა ვმუშობდით www.data.gov.ge-ის პროექტზე, სადაც საჯარო უწყებებს ღია მონაცემები უნდა აეტვირთათ, მახსოვს, ეროვნულმა ბანკმა განათავსა ვალუტის გადამცვლელი ჯიხურების სტატისტიკა და ძალიან მალე დაიწერა აპლიკაცია, რომლითაც შემიძლია ვნახო, სად არის ყველაზე ახლოს ვალუტის გადამცვლელი პუნქტი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ღია მონაცემები ანუ ნედლი, დაუმუშავებელი ინფორმაციის გამოქვეყნება, რადგან ჩვენ ვერ გავთვლით რა შეიძლება იყოს ბიზნესისთვის საინტერესო. დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში ოქროც და ნავთობიც არის ინფორმაცია და თუ ვიცი, რომ მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კონკრეტულ გაჩერებაზე კონკრეტულ დროს რამდენი ადამიანი ელოდება ტრანსპორტს, შემიძლია ახალი ბიზნესიდეა გამიჩნდეს და ა.შ. ევროკომისიის მონაცემებით, 2020 წლისთვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, დაახლოებით, 288 მლრდ ევროს სარგებელი მიიღეს მონაცემების ღიაობით. ამაში ითვლება როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორის ღია მონაცემები.
- სად არის საქართველო დღეს ღია მონაცემთა მმართველობითი სისტემის განვითარების კუთხით?
- ხილული ჩემპიონები ანუ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ მონაცემების ღიაობას, არ გვყავს, მაგრამ არც ძალიან სავალალო მდგომარეობაში ვართ; თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს ციფრული მონაცემების სააგენტო, რომლის მანდატი ვრცელდება ღია მონაცემების განვითარებაზე. ასევე არსებობს Data.gov.ge - ღია მონაცემების პორტალი, სადაც მწირი ინფორმაციაა ატვირთული (2015-2022 წლებში სულ 174 ღია მონაცემი გამოქვეყნდა), მაგრამ ის, რომ მაინც არის ღია მონაცემები, ნიშნავს იმას, რომ გარკვეული ნაბიჯებია გადადგმულია და შემდეგ, როგორც ქართველებს გვჩვევია ხოლმე, გავჩერდით და ამ გამოწვევების დაძლევას ისახავს მიზნად USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევაც. ამ ეტაპზე არც თუ ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს. არ გვაქვს სტრატეგია, რომლითაც პრიორიტეტი მიენიჭებოდა ღია მმართველობითი მონაცემების განვითარებას, თუმცა პოზიტიური პროგნოზია ის, რომ მზადაა ციფრული მმართველობის სტრატეგია და იქ ღია მონაცემების განვითარებისთვის კონკრეტული აქტივობებია გაწერილი. ამასთან, ეს რომ ფურცელზე არ დარჩეს, საჭიროა, ცენტრალიზებული საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბება მაღალი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით, რათა გამარტივდეს კოორდინაციის პროცესი და გაიზარდოს შედეგების ეფექტიანობა.
ინფორმაციისთვის: 2015 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ მიერ შეიქმნა ღია მონაცემთა პორტალი www.data.gov.ge. , სადაც საქართველოს საჯარო დაწესებულებებს შეუძლიათ ატვირთონ და გამოაქვეყნონ ნედლი, დაუმუშავებელი ინფორმაცია მუდმივად განახლებად რეჟიმში, მაგრამ ამ დროისთვის ამ პლატფორმაზე სულ 174 ღია მონაცემია გამოქვეყნებული. ყველაზე ახალი 2022 წლით თარიღდება. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა - რატომ არ აქვეყნებენ ღია მონაცემებს საჯარო უწყებები? პასუხი მარტივია - კანონით ამის ვალდებულება არ აქვთ.