მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთის ტრასების სააგენტოში დასაქმებულებს საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა - მირანდა ესაკია

მირანდა ესაკია

მთის კურორტების ბიზნესასოციაციის” თანადამფუძნებლის მირანდა ესაკიას განცხადებით, მთის ტრასების სააგენტოში დასაქმებულ გუდაურის ადგილობრივ მოსახლეობას საშინელ პირობებში უწევს მუშაობა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც მთის კურორტებზე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„მთის კურორტების ბიზნესასოციაცია“ ვითხოვთ წარმოგვიდგინოს მთის ტრასების სააგენტომ [MTA] თავისი შემოსავლების შესახებ ინფორმაცია, რადგან თავისივე თანამშრომლებს, რომლებიც ადგილობრივები არიან, ყველაზე ცუდ მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. წარმოიდგინეთ, თოვლსა და ქარში რომ გიწევს ტრაქტორზე ჯდომა, რათა ტრასები „დააუთოო“ და ნორმალური ქურთუკი არ აცვიათ და მოსასვენებელი ოთახები არ აქვთ. ეს ხდება იმ დროს, როცა ჩვენი ინფორმაციით, MTA-ს რამდენიმე მილიონი ლარი დეპოზიტზე უდევს და სარგებელს იღებს“, - განაცხადა მირანდა ესაკიამ, რომელმაც ინტერვიუში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის აუდიტის კრიტიკული დასკვნა მოიშველია.

თავის მხრივ, მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ MTA-ში დასაქმებული ადგილობრივების სამუშაო პირობები მძიმეა.

„[ამის თქმა] არასერიოზულია... მაშველებიდან დაწყებული ტრაქტორისტებით დამთავრებული, ჩაცმულ-დახურულები არიან. ჩვენ 200 თანამშრომელს ზრუნვა არ აკლია... ან ასეთი სიტუაცია თუ არის მთის კურორტებზე, მსოფლიო დონის ღონისძიებებს როგორ ვმასპინძლობთ და ამხელა კმაყოფილება როგორ არის?! მირანდა ესაკია ისეთ საკითხებს ეხება, რაც საერთოდ მისი თემა არაა“, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

BMG-მ MTA-ის დირექტორს შესთავაზა, „წერტილის“ ფორმატში უპასუხოს ყველა შეფასებას და კრიტიკას, რომელიც მთის ბიზნესს მასთან და მის გუნდთან აქვს, მაგრამ ჯერჯერობით, თანხმობა არ მიგვიღია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები