გასულ წელს საქართველოში აღრიცხული მწვანე სესხების მოცულობამ 486 მლნ ლარი, ანუ 180 მლნ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების 2023 წლის ანგარიშში ვკითხულობთ.
მარეგულირებლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მაჩვენებელი 2021 წელს გაცემული მწვანე სესხების მოცულობასთან შედარებით 16%-ით არის გაზრდილი.
2022 წელს გაცემული მწვანე სესხების უმეტესი ნაწილი - 74% კვლავ დოლარშია დენომინირებული, კრედიტების 14% ლარზე, ხოლო 12% ევროზე მოდის.
გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების ჭრილში კომერციული ბანკების მდგომარეობა ESG ანგარიშგების შედეგების მიხედვით, ასეთია გარემოსდაცვითი მიმართულებით 2022 წელს 13 კომერციული ბანკიდან ინფორმაცია მწვანე სესხების შესახებ შვიდმა წარადგინა.
აღსანიშნია, რომ 2022 წლის მთლიან დაკრედიტებაში მწვანე სესხების წილი 1.2%-ს შეადგენს, რაც წინა წლის მონაცემს 0.2 პროცენტული პუნქტით აღემატება. იმ ბანკებისთვის, რომლებმაც მწვანე სესხების შესახებ ინფორმაცია გაამჟღავნეს, 2022 წელს გაცემულ მთლიან სესხებში მწვანე სესხების წილი საშუალოდ 7%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება 2022 წლის ბოლოსთვის არსებული მწვანე სესხების მთლიან მოცულობას, ის ₾1.4 მილიარდს ($530 მილიონი) შეადგენდა. „2022 წელს წინა წელთან შედარებით მწვანე სესხების მთლიანი მოცულობა გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 15%-ით გაიზარდა. წინა წელთან შედარებით დოლარში გაცემული სესხების წილი 65%-მდე გაიზარდა. 2022 წლის ბოლოსთვის მწვანე სესხები მთლიანი პორტფელის 3.2%-ია. ეს მაჩვენებელი 2021 წელს 2.9%, ხოლო 2020 წელს კი 2.2%-ს შეადგენდა. ბანკების დონეზე, მწვანე სესხების წილი მთლიან პორტფელში საშუალოდ 6% იყო, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი დაახლოებით 17%-ს აღწევდა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ შესაბამისი განმარტების არქონის გამო ბანკების უმრავლესობამ მარეგულირებელს მწვანე სესხებზე ინფორმაცია ვერ წარუდგინა, აქედან გამომდინარე, აღნიშნული რიცხვები რეალობას სრულად ვერ ასახავს.
„გარდა ამისა, იმ კომერციული ბანკების უმრავლესობამ, რომლებმაც მწვანე სესხებზე მონაცემები წარმოადგინეს, ამ კატეგორიაში მხოლოდ ენერგოეფექტურობასთან და განახლებად ენერგიასთან დაკავშირებული პროექტების დასაფინანსებლად გაცემული სესხები შეიყვანეს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთო კლასიფიკაციისა და მწვანე ტაქსონომიის არსებობის მნიშვნელობას. იქიდან გამომდინარე, რომ ეროვნულმა ბანკმა უკვე დაამტკიცა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია და შესაბამისი რეგულაცია, მოსალოდნელია რომ 2024 წლიდან მწვანე სესხების მოცულობა შეიცვლება და მონაცემები უფრო ზუსტი და შესადარისი გახდება“, - აცხადებენ სებ-ში.
მდგრადი დაფინანსების დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მწვანე დაკრედიტების ხელშეწყობაში სამი ფინანსური ინსტიტუტი ლიდერობს. „თიბისი ბანკს“ მთლიანი მწვანე პორტფელის ყველაზე დიდი წილი უჭირავს და ბაზრის მნიშვნელოვან, 45%-ს ფლობს.
„საქართველოს ბანკი“ 35%-იანი წილით მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამეზე პროკრედიტ ბანკია 13%-ით (იხ. დიაგრამა 5). 2022 წლის განმავლობაში გაცემული მწვანე სესხების მიხედვით, თიბისი ბანკი ბაზარზე ლიდერობას ინარჩუნებს. თიბისი ბანკმა 2022 წელს მწვანე სესხის 55% გასცა, ხოლო საქართველოს ბანკმა და პროკრედიტ ბანკმა შესაბამისად 19 და 18%.
„2022 წლის ბოლოსთვის არსებული მონაცემების მიხედვით, მწვანე, სოციალური ან მდგრადი ობლიგაცია არცერთ კომერციულ ბანკს არ აქვს გამოშვებული. რაც შეეხება გარემოზე დადებითი ეფექტის მქონე აქტივობებს, ბანკების უმრავლესობას გარკვეული ღონისძიებები აქვს გატარებული, რაც ძირითადად შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით ჩანაცვლებას და ოფისებსა და შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოიცავს. გარდა ამისა, კომერციული ბანკების უმრავლესობას ნარჩენების მართვის პოლიტიკა აქვს დანერგილი, რაც ძირითადად ნარჩენების გადამუშავებას, შემცირებასა და დახარისხებას გულისხმობს. ცამეტი ბანკიდან მხოლოდ ხუთმა ბანკმა წარმოადგინა ინფორმაცია სათბური გაზების ემისიების შესახებ (შარშან ეს ინფორმაცია მხოლოდ სამმა ბანკმა წარადგინა) და მხოლოდ ერთ ბანკს აქვს ამ მიმართულებით კონკრეტული სამიზნე მაჩვენებელი განსაზღვრული“, - აღნიშნულია მდგრადი დაფინანსების 2023 წლის ანგარიშში.
დოკუმენტი საქართველოს მდგრადი დაფინანსების ბაზრის მიმოხილვასაც გვთავაზობს, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფინანსური სექტორი ძირითადად კომერციული ბანკებისგან შედგება.
„ამჟამად, ბაზარზე თხუთმეტი კომერციული ბანკია, რომლებიც ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივების თითქმის 91% პროცენტს ფლობენ. გარდა ამისა, მაღალია კონცენტრაციის დონე - კერძოდ, ორი ყველაზე დიდი ბანკი მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 77%-ის, ხოლო ფინანსური სექტორის აქტივების 70%-ის მფლობელია.
საპენსიო ფონდების წილი მზარდია და 2022 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 4%-ს შეადგენდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი საკმაოდ მცირეა, ისინი მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებასა და სოფლად ფინანსების ხელმისაწვდომობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იზრდება სადაზღვევო ბაზარიც, მისი წილი ფინანსური სექტორის მთლიან აქტივებში ჯერ კიდევ შედარებით მცირეა. საქართველოს ფინანსური სისტემის ამ მახასიათებლების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების პოლიტიკა და რეგულაციები, ამჟამად, ძირითადად კომერციული ბანკებისკენაა მიმართული. თუმცა, ეროვნული ბანკი ასევე აცნობიერებს კაპიტალის ბაზრის მნიშვნელობას მდგრადი ფინანსური რესურსების ზრდაში, და მდგრადი დაფინანსების სამოქმედო გეგმა კაპიტალის ბაზრის მონაწილეებისთვის განკუთვნილ ღონისძიებებსაც მოიცავს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.