მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მცირე მარნები დიდი ბიუროკრატიის წინაშე აღმოვჩნდებით, ყველა კანონი ინდუსტრიულ მეღვინეობას მოარგეს - "ხომლის მარანი"

თამაზ ომანაძე

მცირე მარნები ძალიან დიდი ბიუროკრატიული ბარიერების წინაშე აღმოვჩნდებით - ასე აფასებს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი ღვინის წარმოების რეგულირების გამკაცრების მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს.

როგორც თამაზ ომანაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბოლო პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციირებული და მიღებული ყველა კანონი ინდუსტრიულ მეღვინეობაზეა მორგებული და რეალურად ნაკლებადაა მიმართული ღვინის ხარისხის ამაღლებაზე.

მისივე თქმით, ცვლილება, რომელიც „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობების 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე შემცირებას ითვალისწინებს, ნეგატიურად აისახება მცირე ბიზნესის განვითარებაზე.

თამაზ ომანაძე ასევე ამბობს, რომ მცირე მეღვინეებს არაერთი კითხვა რჩებათ რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ახალი ვენახების გაშენებაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს ნებართვას საჭიროებს.

“ძალიან დიდი ბიუროკრატიული ბარიერების წინაშე აღმოვჩნდებით მცირე მარნები, წარმოიდგინეთ, როგორი ბარიერებია, როდესაც ჩვენ “ვიწევთ აღმართში” და ბარიერებს გვიყენებენ წინ, აღმართში მიმავალ ხალხს. ხარისხის გაუმჯობესება მოჰყავთ არგუმენტად. იმდენი შეცდომები იყო დაშვებული ამასთან მიმართებაში ამდენი წლის მანძილზე, რომ ასე მარტივი არ არის. ეს კანონი იყო ნაჩქარევად მიღებული [ვენახების რეგულირება], ალბათ გარკვეული ლობირება გაუწიეს ვიღაცებმა, ეს საქართველოა და ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცით. 33 ადგილწარმოშობის ზონაა საქართველოში. ფაქტობრივად მთელი საქართველო მეღვინეობის ზონებით არის მოცული, სადაც ჩამოყალიბებულია თავისი კლასიფიკაციები - როგორი ყურძენი უნდა იყოს, როგორ კონდიციამდე უნდა იყოს შაქარი და ა.შ. აქ კიდევ ახალი რეგულაციის, რაღაც შეზღუდვის დამატება ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ჩემი აზრით, ეს აბსურდია. თუ უნდოდათ მათ [ცვლილებები] და მოუწევთ ალბათ რამდენიმე წლის შემდეგ, ისე გაფართოებულია 33-ვე ადგილწარმოშობის ზონა ტერიტორიულად, მთელ მუნიციპალიტეტებს მოიცავს. დააწესონ ქვეკატეგორიები ხარისხის მიხედვით, სადაც ისტორიულად მოდიოდა ის ყურძენი და ჯიში. აი, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება.

ყველა კანონი მოარგეს ინდუსტრიულ მეღვინეობას, რომელიც თვითონ მილიონ ბოთლს უშვებს. წარმოიდგინეთ, ჩვენ [მცირე მარნები] რა დღეში ვიქნებით, ფაქტობრივად ბაზრისგან გათავისუფლება, ჩვენგან გათავისუფლება უნდათ, რომელიც იდენტობაა ქართული ღვინის, ქართული ღვინის სახეებია მცირე მარნები. რაც შეეხება ზღვრის ჩამოწევას 25,000 ლიტრამდე, ეს კიდევ მოტივაციას უშლის მეღვინეობის განვითარებას, მცირე მარნის განვითარებას, იმიტომ რომ შემდეგ უკვე გადადის ინდუსტრიულ მეღვინეობაში და სხვა ფინანსური დანახარჯები ექნებათ [მეღვინეებს], - განაცხადა თამაზ ომანაძემ.

ცნობისთვის, ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებასაც ამკაცრებს. “ვაზის და ღვინის შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებების თანახმად, ღვინის სექტორში შემოდის სავალდებულო ნიშანდების სისტემა. ამასთან, ცვლილებებით, საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება.

სიახლეა ისიც, რომ „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები