თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, ღვინის ახალი სალონი "Victory" გაიხსნა. მისი თანადამფუძნებელი ნინო ქორიძე BMG-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ღვინის სალონი სულ რაღაც ერთი თვის წინ გახსნეს. Victory-ის ბრენდი კი წლებია ტრადიციული მეთოდით, ქვევრში დამზადებულ ღვინოს აწარმოებს.
"ღვინის წარმოება ჩვენი ოჯახური საქმიანობაა. რამდენიმე წლის წინ მხოლოდ ერთი სახეობით დავიწყეთ - 500 ბოთლი "ჩინებული" ვაწარმოეთ, რომელიც მალევე ექსპორტზე ნიდერლანდების სამეფოში გავიტანეთ. დადებითი უკუკავშირისა და გაზრდილი მოთხოვნის შემდეგ კი ჩვენი წარმოებაც გავზარდეთ. ამჟამად სამი სახეობა გვაქვს - "ბუდეშური საფერე", "ჩინებული" და "თავკვერი". საერთო ჯამში, წლიურად 4000-მდე ბოთლს ვაწარმოებთ და აქედან 40% ექსპორტზე გაგვაქვს, ახლახან შვედეთისა და ავსტრიის ბაზრებიც დავამატეთ. დანარჩენი კი ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის მაღაზიებში რეალიზდება", - ამბობს ნინო ქორიძე.
როგორც Victory-ის თანადამფუძნებელი ამბობს, ღვინის წარმოებამ ახალი მოთხოვნა და გეგმები გააჩინა. ასე შეიქმნა ღვინის სალონიც, რომლის მთავარი მიზანი საკუთარი ღვინის გარდა, მცირე მარნების ღვინოების პოპულარიზაცია, მათი ტურისტებისთვის გაცნობა და ქართული ღვინის უფრო ფართო მასშტაბისთვის წარდგენაა.
"ვფიქრობთ, რომ ქართული მცირე მარნები ერთგვარ დაჩაგრულ პოზიციაში არიან. მაშინ, როცა დიდი მეღვინეობები საკუთარი პროდუქტის რეალიზებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე თავისუფლად ახერხებენ, მათ საკმაოდ ბევრი გამოწვევა ექმნებათ. ამიტომ, შევქმენით სივრცე, სადაც მხოლოდ ხარისხიან, ნატურალურ ღვინოებს ვიღებთ და მათ პოპულარიზაციაზე მაქსიმალურად ვზრუნავთ", - აღნიშნავს "Victory"-ის თანადამფუძნებელი.
ღვინის სალონი მხოლოდ ღვინის პოპულარიზაციით არ შემოიფარგლება. მომხმარებლებს ქართულ კერძებსაც სთავაზობენ, რათა ტურისტებს ქართული სამზარეულო უკეთ გააცნონ.
"ჯერ ახალი გახსნილები ვართ, თუმცა ტურისტების აქტივობა უკვე შეიმჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი ქართველ მომხმარებელზე გვაქვს, მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენი სერვისით ტურისტებიც დავაინტერესოთ და ქართული ღვინო და კერძები მათთვის საინტერესო გავხადოთ", - განაცხადა ნინო ქორიძემ.
ღვინის სალონი "Victory" მომხმარებლებს ყოველკვირეულად ღვინის დეგუსტაციასაც სთავაზობს. სალონის სივრცეში კი ამ ეტაპზე ხუთი ადამიანია დასაქმებული.
კომპანიის სამომავლო გეგმებში მეორე ფილიალის ვაკეში გახსნა, უახლოეს მომავალში კი ამავე ბრენდით კახეთში სასტუმროს ამოქმედება და ახალი მარნის აშენებაც შედის.