მცირე ზომის კომპანიებმა ალღო ვერ აუღეს, - ასე უპასუხა დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციის შესახებ bm.ge-ის მიერ დასმულ შეკითხვას თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა.
წილოსანის თქმით, 1 იანვარს ამოქმედებული რეგულაციის დარღვევის ფაქტები უკვე დაფიქსირებულია და ჯარიმებიც არის გამოწერილი, თუმცა, ზუსტ სტატისტიკას ვერ ასახელებს.
„ჩვენი მიზანი არ არის, რომ ბიზნესს წნეხი მივაყენოთ, ამიტომაც გვქონდა კონსულტაციები, თუმცა სამწუხაროდ, წვრილმა კომპანიებმა, ძირითადად, ვერ აუღეს ალღო ამას, ვინაიდან მათ აქვთ გარკვეული ტიპის პრობლემები, მათ შორის გადაწყობის მენეჯმენტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვიქტორ წილოსანმა.
შეგახსენებთ, დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე, კახა კალაძემ ბიზნესს მოუწოდა, დიდგაბარიტიანი მანქანების გადაადგილების შეზღუდვის რეგულაციას მოერგონ.
შეგახსენებთ, თბილისში 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა შეზღუდვა, რაც სამუშაო დღეებში, დილასა და საღამოს, პიკის საათებში გარკვეული კატეგორიის დიდგაბარიტიანი სატვირთო ავტომანქანების გადაადგილებას ეხება. დიდგაბარიტიანი სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვა გარკვეულ არეალებში მოქმედებს (იხილეთ რუკა).
არის გამონაკლისებიც და ეს წესი არ ვრცელდება სპეცტექნიკაზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, სასწრაფო დახმარების ავტომანქანებზე, ავარიულ ვითარებაში და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დროს სხვადასხვა ტექნიკაზე, ასევე, ტურისტულ სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვა დანარჩენზე მოქმედებს შეზღუდვა 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე.
აკრძალულ ზონაში, შეზღუდვის საათებში გადაადგილება 1 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, დიდგაბარიტიანი მანქანების შეზღუდვა ამ ეტაპზე არ მოქმედებს სადისტრიბუციო მანქანებზე, რომლებიც 1-ელ სექტემბრამდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებს.