ქართული კომერციული ბანკების მიერ გაცემული მწვანე კრედიტების მოცულობა 2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით 1.7 მილიარდ ლარს აღწევს და ის წლიურად 56%-ით არის გაზრდილი - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მწვანე დაკრედიტების სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.
ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო მხარეების ჩართულობით, 2022 წელს გამოაქვეყნა, ხოლო ტაქსონომიის მიხედვით გაცემული კრედიტების სტატისტიკა დღეიდან საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა. მონაცემები შეგროვებულია მწვანე სესხების თვიური ანგარიშგების ფორმით და სრულად შეესაბამება მდგრადი ფინანსების ტაქსონომიის რეგულაციას.
ახალი სტატისტიკის თანახმად, მწვანე დაფინანსებაში პირველ ადგილს იკავებს განახლებადი ენერგიის სექტორი, რომელზეც 940 მილიონი ლარის კრედიტები არის გაცემული, მეორე ადგილზეა მწვანე (ენერგოეფექტური) შენობები და მშენებლობა 491 მილიონი ლარით, მესამეზე კი მდგრადი სოფლის მეურნეობა 116 მილიონი ლარით.
ამასთან, სტატისტიკის თანახმად, უშუალოდ ნოემბერში მწვანე კრედიტების მოცულობა 81 მილიონი ლარით გაიზარდა.
გარდა ზემოთ აღნიშნული სექტორებისა, მწვანე დაფინანსების კრედიტებში ასევე შედის ნარჩენების მართვა და გადამუშავება (25 მლნ ლარის პორტფელი); მდგრადი წარმოება (32 მლნ ლარი) და მწვანე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი 69 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელით.




























