„მესტიაში მდებარე სასტუმროების ხარჯებში ელექტროენერგიის გადასახადზე 30-40% მოდის,“ - ამის შესახებ სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა ეკატერინე გველესიანმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.
ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გაზრდილი საფასური, შემცირებული ტურისტების ფონზე მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
როგორც გველესიანი ამბობს, მარტში და აპრილში ჯავშნების აბსოლუტური უმრავლესობა გაუქმებულია.
„ჩვენ ფაქტობრივად მუდმივად გადარჩენის რეჟიმში ვმუშაობთ, ეს არ არის ახალი მდგომარეობა, ჩვენი ყოველდღიურობაა. მუდმივად გვიწევს სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავება და ახლა ამას ემატება ელექტროენერგიის ტარიფის ზრდაც, რაც ისედაც ძალიან სენსიტიურ საკითხს, კიდევ უფრო ამძიმებს.
ტარიფის ზრდა მხოლოდ დენის გაძვირებას არ ნიშნავს, ეს ავტომატურად ზრდის ყველა პროდუქტისა და მომსახურების ფასს, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთია. ჩვენ შემთხვევაში მდგომარეობა განსაკუთრებით რთულია. რეგიონი გაზიფიცირებული არ არის და გათბობის ერთადერთი წყარო ელექტროენერგიაა. ზამთარში ხარჯების დაახლოებით 30-40% სწორედ დენზე მოდის, ტარიფის ზრდის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება.
ამასთან, ტურისტული ნაკადიც მნიშვნელოვნად შემცირებულია. მარტში პრაქტიკულად არ გვქონია ჯავშნები, აპრილშიც დატვირთულობა ნულის ტოლია. ზაფხულის არსებული ჯავშნები ჯერ შენარჩუნებულია, თუმცა ახალი ჯავშნები თითქმის აღარ შემოდის და უკვე არსებული ჯავშნებიც ხშირად გაუქმების რისკის ქვეშ დგას,“ - განაცხადა გველესიანმა.




























