დღეს ცნობილი გახდა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე დააკავა. ტაბიძეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მისი დაკავება კომპანია "ლაგი კაპიტალს“ უკავშირდება. ამ საქმეში დაკავებულები იყვნენ, თუმცა შემდეგ გირაოთი გათავისუფლდნენ მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის მენეჯერი და ამავე სამსახურის პროექტის მენეჯერი.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ისინი ფლობდნენ ინფორმაციას, რომ შპს „ლაგი კაპიტალის“ მიერ 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში წარდგენილი ავანსის მოთხოვნები იყო დაუსაბუთებელი და მხოლოდ ნაწილობრივ უზრუნველყოფილი. დასახელებულმა პირებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და უპირატესობის მინიჭების მიზნით, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მიერ 2023 წლის ივლისის თვეში მიღებული ავანსი არ იყო დახარჯული მიზნობრივად, 2023-2024 წლებში შპს „ლაგი კაპიტალზე“ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის მაინც გასცეს 11 218 380 ლარის დაუსაბუთებელი ავანსი, საიდანაც შპს „ლაგი კაპიტალის“ ხელმძღვანელი პირები თაღლითურად დაეუფლნენ 9 365 801 ლარს", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 194-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
ტაბიძე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ-ის ხელმძღვანელად 2021 წლის სექტემბერში დაინიშნა და თანამდებობას 2025 წლის მაისამდე იკავებდა. მისი თანამდებობაზე ყოფნა ემთხვევა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად ირაკლი ქარსელაძის მუშაობას. ახალმა მინისტრმა რევაზ სოხაძემ მისი შემცვლელი 6 მაისს წარადგინა.
აღსანიშნავია, რომ "ლაგი კაპიტალს“ ხელმძღვანელი პირები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გასულ თვეში დააკავა. უწყება დაკავებულებს სახელმწიფო ტენდერებიდან 9.4 მილიონ ლარის დაუფლებას ედავება. სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს ლაგი კაპიტალი 2015 წელს დარეგისტრირდა. უახლესი ინფორმაციით, მისი დირექტორია ბესიკ ბერძენიშვილი, 100%-იან წილს კი ივანე გახელაძე ფლობს.
ვრცლად ამ თემაზე: სახელმწიფო ტენდერებიდან ₾9.4 მილიონის მითვისებისთვის "ლაგი კაპიტალთან" დაკავშირებული 2 პირია დაკავებული



























