მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მურმან მარგველაშვილი: გაზსაცავის ამუშავება შესაძლოა, 2024 წლამდე გადავადდეს

5e188850a2a27
დავით ჯალაღონია
11.01.20 11:50
1339
ორგანიზაციის "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" ხელმძღვანელის, ენერგეტიკოსის მურმან მარგველაშვილის ინფორმაციით, მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის თარიღმა შესაძლოა, ისევ გადაიწიოს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა BM.GE-ს საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განუცხადა.

"ჩვენ უნდა დავაჩქაროთ გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც გადაიდო, გადაიდო და ახლა უკვე ლაპარაკია 2024 წელზე, ეს მაშინ, როდესაც თავიდან 2020 წელს უნდა ყოფილიყო აშენებული, შემდეგ ხან 2021-ზე, 2022-ზე, ასევე 2023 წელზე იყო ლაპარაკი. ეს დასაჩქარებელია. ქმედითი, აქტიური პოლიტიკის გატარება გვჭირდება იმისთვის, რომ ის საფრთხეები, რაც გაზის ბაზრის დღევანდელ მოწყობას ახლავს, თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა ენერგეტიკოსმა.

რა ეტაპზეა ამ პროექტის განხორციელება, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად BM.GE საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელს თემურ გოჩიტაშვილს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, პროექტის გაჭიანურების მიზეზი ბიუროკრატიული საფეხურებია.

"როცა ტენდერში მონაწილე კომპანიებმა განაცხადები წარმოადგინეს, ძალიან ბევრი უზუსტობა ჰქონდათ და იძულებულები გავხდით, უკან დაგვებრუნებინა და რაღაც დეტალების დაზუსტება მოგვეთხოვა. ეს საკითხები სანამ KFW-ში გაივლის, გარკვეული დრო გავა", - განაცხადა გოჩიტაშვილმა და დასძინა, რომ გაზსაცავის ექსპლოატაციაში შესვლის თარიღის 2024 წლამდე გადაწევის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

რაც შეეხება გაზსაცავის მშენებლობის მსურველებს, თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, ე.წ Short list-ში სამი კომპანია მოხვდა, რომელთაგან საბოლოოდ ერთი მათგანი შეირჩევა.

შეგახსენებთ, რომ როგორც გასული წლის ოქტომბრში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, გაზსაცავის პროექტზე სამშენებლო ხელშეკრულება 2019 წლის ბოლომდე უნდა გაფორმებულიყო.

ცნობისთვის: გაზსაცავის პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 250-300 მილიონ დოლარს შეადგნს. KFW–სა და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან პროექტს 250 მლნ ევროს მოცულობის სესხი უკვე დამტკიცებული აქვს.

პროექტის მიხედვით, მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით 400 მილიონი კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15% პროცენტს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები