მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MVNO და გაჭიანურებული მოლაპარაკებები – როდის გამოჩნდებიან ვირტუალური მობილური ოპერატორები საქართველოში?

6130e36514d3f
სალომე მეცხვარიშვილი
02.09.21 21:00
1922
MVNO (Mobile Virtual Network Provider) - არის ისეთი ტიპის მობილური ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელის ინფრასტრუქტურა და კონკრეტული საფასურის სანაცვლოდ არსებული მობილური ოპერატორების რესურსებს (გადამცემი ანძები, მაგისტრალური ქსელი და ა.შ.) საკუთარი სერვისის გასაწევად იყენებს . MVNO–ები მომხმარებელს მობილური ოპერატორების მსგავს სერვისებს აწვდიან, თუმცა ორიენტირებულები ახალი ბაზრების ათვისებაზე, ფოკუსჯგუფებსა და ინოვაციურ სერვისებზე არიან .

იმისთვის, რომ ვირტუალურმა მობილურმა ოპერატორებმა ქვეყანაში საქმიანობა დაიწყონ, მსხვილმა კომპანიებმა მათ უფლება უნდა მისცენ (კონკრეტული თანხის ან სხვა ტიპის სარგებლის სანაცვლოდ), ოპერირებისთვის მათი ქსელები გამოიყენონ და ქსელზე დაუშვან.

ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) ქსელზე დაშვებაზე მოლაპარაკებები მსხვილ მობილურ კომპანიებთან ნელი ტემპებით მიმდინარეობს – ამის შესახებ bm.ge–ს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანრი კვახაძემ განუცხადა. მისი თქმით, ასოციაციაში შემავალ კომპანიებს კომუნიკაცია სამივე მსხვილ კომპანიასთან ("მაგთი", "სილქნეტი", "ბილაინი") აქვთ , თუმცა, კონკრეტული შედეგი ამ დრომდე არ დამდგარა.

ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათი წევრები მსხვილ კომპანიებთან შეთანხმებას წლის ბოლომდე ელოდებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, რათა შესაბამისი ზომები მიიღონ და კომპანიები დაავალდებულონ, MVNO–ები საკუთარ ქსელზე დაუშვან.

ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ამჟამად “ბილაინთან” შეთანხმება უფრო პრობლემატურია და შესაძლოა, სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებით მიმართონ კომუნიკაციების კომისიას.

ასოციაციის განცხადებით, მიზეზი ისაა, რომ საკუთარ ქსელში მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებაზე “ბილაინმა” 2021–2022 წელს უარი განაცხადა. ანდრო კვახაძის თქმით, “ვიონი საქართველო”, იგივე "ბილაინი" მიზეზად ტექნიკურ განახლებას (Сore Upgrade) ასახელებს, თუმცა, ეს მიზეზი ასოციაციისთვის მიუღებელია.

“ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არ არის ობიექტური არგუმენტი, რომ უარი თქვან მის ჩართვაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ კომისიასთანაც დავაყენებთ ამ საკითხს და სამართლებრივ მსვლელობას მივცემთ. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის რეალური მიზეზი და ხელოვნურად ხდება ჩვენთვის ბარიერების შექმნა”, – აცხადებს ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით bm.ge თავად “ბილაინსაც” დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მოლაპარაკებების განახლებას MVNO–ების დაშვებაზე მომდევნო წლის თებერვლიდან შეძლებენ.

“როგორც ცნობილია, შპს „ვიონი საქართველომ“ წელს, 15 ივნისს საერთაშორისო კომპანია NOKIA-სთან ძირითადი ქსელის მოდერნიზაციის 10 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რაც ძირითადი ქსელის სრულ გამოცვლას და განახლებას გულისხმობს . ძირითადი ქსელის გამოცვლა ტელეკომ ოპერატორისთვის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და დიდი განახლებაა, რაზეც დამოკიდებული იქნება ის, თუ როგორი ტექნიკური შესაძლებლობები ექნება კომპანიას. აღნიშნულის ცოდნა, ბუნებრივია, აუცილებელია მოლაპარაკების წარმოებისთვის. მზად ვიქნებით მოლაპარაკების დაწყებისთვის უკვე რამდენიმე თვეში, მომავალი წლის თებერვალში”, – აცხადებენ “ვიონი საქართელოში”.

კომუნიკაციების კომისიამ 2019 წელს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორები დაავალდებულა, რომ ვირტუალური მობილური ოპერატორები საკუთარ ქსელზე დაუშვან. აღნიშნულს არ ეთანხმებიან მსხვილი მობილური ოპერატორები და აცხადებენ, რომ მსგავსი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს და ბიზნეს სუბიექტებმა გადაწყვეტილება ინდივიდუალური მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მიიღონ. მსხვილი ოპერატორების ინფორმაციით, მსგავსი ვალდებულება ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს.

თავის მხრივ, კომუნიკაციების კომისიის არგუმენტია, რომ ამ ტიპის ვალდებულების გარეშე მსხვილი მობილური ოპერატორები MVNO–ებს საკუთარ ქსელებზე არ უშვებენ და ხელოვნურ ბარიერებს აწესებენ მათთვის. შედეგად, ქვეყანაში ამ დრომდე არცერთი ვირტუალური ოპერატორი არ არის.

მსხვილი მობილური ოპერატორების საპასუხოდ, კომუნიკაციების კომისიამ მიმდინარე წლის ზაფხულში გადაწყვიტა, რომ თუ წლის ბოლომდე მხარეებს შორის ინდივიდუალურად, ჩარევის გარეშე დაიდება ხელშეკრულება, რეგულაციას შეცვლის და მას ვალდებულების სახე აღარ ექნება.

თუმცა, ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამ დათქმისა პროცესები ძალიან ნელა, მდორედ მიმდინარეობს. ასოციაციაში გასული წლების პრაქტიკაზეც საუბრობენ:

“წინა წლებში ვირტუალური მობილური ოპერატორების საკუთარ ქსელზე დაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ მსხვილი მობილური ოპერატორები, სანამ კომუნიკაციების კომისია აქტიურად არ ჩაერთვებოდა პროცესებში... ერთადერთი, რაზეც ამბობდნენ, რომ შეიძლება წამოსულიყვნენ: მზად იყვნენ, რომ მათი სიმბარათების “რესელერები” გავმხდარიყავით, რაც აბსოლუტურად არ ნიშნავს მობილურ ვირტუალურ ოპერატორობას.

თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ამ ტიპის მოლაპარაკებებშიც ბარიერები იქმნებოდა”, – აცხადებს ანრი კვახაძე.

ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორთა ასოციაცია მიმდინარე წლის ზაფხულში შეიქმნა და ის სამ კომპანიას აერთიანებს: შპს ჯი ენსი, შპს ინექსფონი, შპს მაიფონი. ასოციაციაში აცხადებენ, რომ სერიოზულად არიან დაინტერესებული ვირტუალური ოპერატორობით და კონკრეტული გეგმებიც აქვთ, აქედან გამომდინარე მათთვის მიუღებელია მსხვილი ოპერატორების განცხადებები, რომ ვირტუალური მობილური ქსელის ოპერატორობით სერიოზულად არავინ ინტერესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები