მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულება ამოქმედდა - ვის აეკრძალება პროდუქციის ბაზარზე განთავსება?

6298ef5ed8aff
ალა ისპირიანი
02.06.22 23:18
972
პირველი ივნისიდან საბურავების, ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების მწარმოებლებისთვის ძალაში ახალი ვალდებულებები შევიდა. კერძოდ, ყველა იმპორტიორსა და დისტრიბუტორს იმ მწარმოებლების მიერ მოწოდებული პროდუქციის ბაზარზე განთავსება აეკრძალება, რომლებიც არ არიან მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულების რეესტრში რეგისტრირებული და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაციის წევრები.

ააიპ "ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძე „საქმიან დილაში“ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა ვალდებულებები შევიდა ძალაში და რას ავალებს ნარჩენების მართვის კოდექსი ბიზნესსექტორს.

"შემუშავებული იქნა ნარჩენის ნაკადთან დაკავშირებით 6 დებულება. ტექნიკური დავალება, რომელიც ზეთებთან, აკუმულატორებთან, ბატარეებთან, გამოყენებულ საბურავებთან, ელექტრო ნარჩენებთან, ელექტრო ხელსაწყოების ნარჩენებთან და შესაფუთ მასალებთან დაკავშირებით იყო. ახლა ძალაში მხოლოდ ოთხი შევიდა - ზეთი, საბურავები, აკუმულატორები და ელექტრო ნარჩენები. ეს იმას გულისხმობს, რომ 1 ივნისიდან 1 ივლისამდე ამ ნარჩენების მფლობელები სახელმწიფოს მიერ შექმნილ პორტალზე უნდა დარეგისტრირდნენ. ხოლო 1 ივლისიდან ისინი რომელიმე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციის წევრი უნდა იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიერ შემოტანილი საქონელი ვერ განთავსდება საქართველოს ბაზარზე რეალიზაციისთვის და არ იქნება შემოშვებული საქართველოს ტერიტორიაზე.

რამდენიმე დღის წინ სამინისტროს მიერ ორგანიზებული გაფართოებული სამუშაო შეხვედრა იყო და იქ ვნახეთ, რომ მწარმოებლების ნაწილი საკმაოდ კარგად ერკვეოდა ახალ ვალდებულებაში, ხოლო ნაწილი იმ დღეს ცდილობდა გარკვევას იმის შესახებ, თუ რა ვალდებულებაა მათ წინაშე ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით. ნარჩენების მართვის კოდექსი ბიზნესსექტორს ავალებს, რომ კომპანიაში გარემოს დაცვის მმართველი განაწესონ. ამ კომპანიებს ის რომ ჰყოლოდათ, უკვე მზადყოფნაში იქნებოდნენ ამგვარი ვალდებულებების შესრულებისთვის და დღეს გაურკვევლობაში აღარც იქნებოდნენ.

ყველა მწარმოებელს ევალება თავიანთი პროდუქტიდან მიღებული ნარჩენები რეგლამენტის მიხედვით მართოს. რეგლამენტის მიხედვით, როდესაც ჩვენ ვიყიდით რაიმე ელექტრონულ მოწყობილობას და რაღაც დროის მერე გადავწყვეტთ რომ ის ნარჩენია და უნდა მოვიშოროთ, როცა მის რომელიმე ურნაში ჩაგდებას დავაპირებთ, იქიდან წარმოიქმნება მწარმოებლის ვალდებულება. შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა იყოს უზრუნველყოფილი და ასევე იმ ინფრასტრუქტურიდან ტრანსპორტირება. ტრანსპორტირება ექვემდებარება რეგისტრაციას, მას აქვს თავისი ტექნიკური ვალდებულებები და სტანდარტები და უნდა იყოს რეციკლირებული. სახელმწიფო ყველა მწარმოებელს რეციკლირების პროცენტს ყოველწლიურად უწესებს, რომელიც მზარდია", - განაცხადა მან.


გივი კალანდაძის მოსაზრებით, ახალი ვალდებულებები იმ სტანდარტს და მოთხოვნებს პასუხობს, რასაც ბიზნესები ითხოვდნენ: "ელემენტარულ და საფუძვლიან მოთხოვნებს ესადაგება. მუშაობის პროცესში რაღაც გამოსასწორებელი იქნება და ამას ჩვენ დიდ ყურადღებას მივაქცევთ. მადლობელი ვარ სამინისტროსიც და საერთაშორისო დახმარებისაც, ასეთი დოკუმენტი რომ მივიღეთ".

რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (EPR)?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები