რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივა თავად სახელმწიფოსგან მოდის, მაგრამ მას შემდეგ ნაბიჯი არ გადაიდგა.
ასოციაციის ხელმძღვანელი ეჭვობს, რომ ვაქცინაციის წახალისების მიზნით, რეგულაციების დაწესებას მთავრობა თვითმმართველობის არჩევნების გამო აჭიანურებს.
“ევროპის ქვეყნები ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ. ეს არის „მწვანე ზონის“ შექმნის ერთ-ერთი მაგალითი, სადაც არა მარტო გასართობ თუ სხვა საჯარო სივრცეშია დაუშვებელი აუცრელი ადამიანები, არამედ საზოგადოებრივი ტრანსპორტიც კი შეზღუდულია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც QR კოდი არ გააჩნიათ. ამდენად, მოსახლეობა რომ მივიყვანოთ იმ დასკვნამდე, რომ ვაქცინა უსაფრთხოა, გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი. ეს ინიციატივა ე.წ. „მწვანე ზონებთან“ დაკავშირებით თავად სახელმწიფოსგან მოდის, კონკრეტულად ჯანდაცვის სამინისტროდან, სადაც ამ თემაზე ერთად ვისაუბრეთ, მაგრამ მას შემდეგ ნაბიჯი არ გადაიდგა. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ჩემი აზრით, არჩევნების საკითხია - მათ არ სურთ გააბრაზონ აუცრელი ადამიანები. მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე რესტორნების დიდი ნაწილი, რომელიც ძირითადად ქორწილებზე ან/და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე მუშაობენ, გაჩერებულია და თუ შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ. „მწვანე ზონის“ სტატუსით იმუშაონ, მაშინ ისინი ოპერირებას შეძლებენ.
“დღეს რაღაც სეგმენტი თუ გაჩერებულია ეს ნიშნავს იმას, რომ მათი შემოსავალი და ბრუნვა არის ნული. თუ ყველაფერს ასე დავთვლით და ამ კუთხით შევხედავთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის ეს მოგებიანი იქნება. ამიტომაც უნდა იყოს სახელმწიფოს ჩართულობა ამ ვითარებაში და არა - მსაჯის კუთხით ყურება რა მოხდება“, - აღნიშნა bm.ge-სთან შოთა ბურჯანაძემ.




























