მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მყარი მოლოდინია, რომ ინფლაცია ერთი წლის განმავლობაში დაიწევს მიზნობრივ ნიშნულამდე - თურნავა

61bb0b1786fea
ინგა მურუსიძე
16.12.21 14:22
372
„ძალიან კარგად ვხედავთ პრობლემებს, ძალიან კარგად ვხედავთ, თუ რა მიმართულებით გვექნება სამუშაო მომავალ პერიოდში და იმედი მაქვს, რომ დღეს კონსტრუქციული, თუნდაც კრიტიკული მსჯელობა შედგება და საბოლოო ჯამში, ის მიმართული იქნება იქითკენ, რომ ჩვენ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტად ეფექტიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის წინ განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ დღეს გარკვეულწილად უპირატეს მდგომარეობაში ვარ ბევრ ჩემს კოლეგასთან შედარებით, რადგან წლის ბოლოს მომიწია პარლამენტის წინაშე გამოსვლა და ეს ერთგვარი ანგარიში და წლის შეჯამება იქნება. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს - მაღალი ეკონომიკური გამოცოცხლება და აღდგენა, ექსპორტის ზრდა და ა.შ. ძირითადი აქცენტი, მინდა, პრობლემებზე გავაკეთო, რადგან არცერთი მიღწევა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს ის, ნამდვილად არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, პარლამენტის წინაშე ისაუბრებს იმ ძირითადი შედეგების შესახებ, რაც 2021 წელს ეკონომიკაში გვაქვს, თუმცა მისი გამოსვლის დიდი დრო დაეთმობა იმ მძიმე პრობლემებზე საუბარს, რომლებიც მოიტანა პანდემიამ და რაც ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას, მათ შორის როგორიცაა ფასების ზრდა და ინფლაცია, სიღარიბესთან ბრძოლის აუცილებლობა, მეტი დასაქმება.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ზემოთჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების მიზნით მის უწყებას საინტერესო გეგმები, პროექტები და პროგრამები აქვს, რომლებიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და რომლებიც ახლო მომავალში ქვეყანაში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არსებობს იმის მყარი ხედვა და მოლოდინი, რომ ინფლაცია, ფასების ზრდა როგორც მოკლევადიან პერიოდში, ასევე ერთი წლის განმავლობაში დაიწევს იმ მიზნობრივ ნიშნულამდე, რაც მას მთელი წინა პერიოდის განმავლობაში ახასიათებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები