მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

MYCLIENT.GE: რეაბილიტაციის შემდეგ „ახალ აღმაშენებელზე“ უძრავი ქონება 300-400%-ით გაძვირდა

5f82ffc3abad3
ანუკა ჯოხაძე
11.10.20 17:10
1919
თბილისში ე.წ. „ახალი აღმაშენებლის“ რეაბილიტაციის შემდეგ გამზირზე უძრავი ქონების ფასი 300-400%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ BM.GE-ისთან უძრავი ქონების სააგენტო MYCLIENT.GE-ის დამფუძნებელმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა განაცხადა.

რეაბილიტაციამ რომ გამზირზე უძრავი ქონების ფასის ზრდა გამოიწვია, ამას თბილისის განვითარების ფონდის 2017 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს, რომლის თანახმად, თუ რეაბილიტაციამდე - 2015 წელს „ახალ აღმაშენებლზე“ 1 კვ.მ კომერციული ფართის ღირებულება 10-20 დოლარამდე მერყეობდა, 2017 წელს - 25-45 დოლარი იყო.

MYCLIENT.GE-ის დამფუძნებელი bm.ge-ისთან ყვება, რომ პანდემიამდე, გამზირზე არსებულ უძრავ ქონებაზე ფასები, ძირითადად, მზარდი იყო.

„იყო შემთხვევები, რომ უძრავ ქონებაზე ფასის 500%-იანი ზრდაც ფიქსირდებოდა, თუ რეაბილიტაციამდე პერიოდს შევადარდებთ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ყველაფერს ეფექტი იმ შემთხვევაში აქვს თუ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო გარემოა. გასაგებია, რომ ვაკეთებთ ძველი უბნების რეაბილიტაციას, ვაახლებთ და ვუბრუნებთ ძველ იერსახეს ქალაქს, რაც მას მიმზიდველს ხდის ტურისტებისთვის, მაგრამ თვითონ ქვეყანაში თუ მიმზიდველი საინვესტიციო გარემო არ გვექნება, რეაბილიტაციები დიდ ეკონომიკურ ეფექტს ვერ მოგვცემს“, -ამბობს ოთარ კაჭკაჭაშვილი.

შეგახსენებთ: „ახალი აღმაშენებლის“ გამზირი ისტორიული უბნებიდან ერთ-ერთი პირველია, რომლის რეაბილიტაციაც „ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში 2016 წელს განხორციელდა. ჯამურად, პროექტი 30 მილიონ ლარამდე დაჯდა.

როგორც თბილისის განვითარების ფონდის მიერ bm.ge-ისთვის მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა, რეაბილიტაციამდე ახალი აღმაშენებლის გამზირი როგორც - კომერციული, ისე საოფისე და საცხოვრებელი ფართების გაქირავების მიმართულებით აქტიური არ იყო და გამზირზე მხოლოდ 20 შერეული ტიპის კომერციული ფართი იყო განთავსებული. რეაბილიტაციის შემდგომ 2 წელიწადში კი, „ახალ აღმაშენებელზე“ 50-მდე კვების ობიექტი, 20 მცირე ტიპის სასტუმრო და 15 ოფისი გაჩნდა, სადაც, ჯამში, 1200 ადამიანი დასაქმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები