მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მყისიერი გადახდის სისტემების უპირატესობა მცირე ხარჯებია - ეროვნული ბანკი

სები

საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნატალია ჭყოიძის განცხადებით, მყისიერი გადახდის სისტემებს საბარათე გადახდების ტრადიციულ სისტემებთან მიმართებით აქვთ ის უპირატესობა, რომ მათი მომსახურების ხარჯები უფრო დაბალია.

ნატალია ჭყოიძის თქმით, სებ-ი მხარს უჭერს ქვეყანაში მყისიერი გადახდის სისტემების დანერგვას და 2026 წლის მეორე ნახევრიდან ქვეყანაში ამ სისტემების ფართო გამოყენება უკვე შესაძლებელი გახდება.

“ეროვნული ბანკი მუდმივად ზრუნავს გადახდის სისტემების განვითარებისთვის, მისი ხელმისაწვდომობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის და ასევე უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. ის მუდმივად ზრუნავს კონკურენტული გარემოს შექმნისთვის. ტექნოლოგიების განვითარებამ შექმნა საშუალება საგადახდო სისტემების ეფექტიანობა გაუმჯობესებულიყო და ამ მიმართულებით შეიქმნა ახალი ტიპის საგადახდო სისტემები კერძოდ მყისიერი გადახდის სისტემები.

დღეისთვის აღნიშნული საგადახდო სისტემები 120-ზე მეტ ქვეყანაში არის დანერგილი. ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო აღნიშნული სისტემის დანერგვის მიზნით მუშაობა და უკვე 2026 წლის მეორე ნახევრიდან ხელმისაწვდომი იქნება მყისიერი გადახდები.

აღსანიშნავია, რომ მყისიერი გადახდის სისტემა მუშაობს საბარათე ინსტრუმენტის გამოყენების გარეშე, თუმცა მომხმარებლისთვის ის ბარათის გამოყენების ანალოგიურ გადახდის მეთოდს სთავაზობს, თუმცა გარკვეულ შემთხვევაში უფრო მეტი უპირატესობები აქვს, რაცაა ოპერაციების განხორციელების შედარებით მცირე ხარჯი, ასევე ოპერაციის განხორციელების შედეგად მომხმარებლისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომია.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრადიციულ სისტემებთან ერთად, მყისიერი გადახდების სისტემებიც პარალელურად გააგრძელებენ ფუნქციონირებას როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში და ამით ხელს შეუწყობენ კონკურენციას ქვეყნებში, ასევე მომხმარებელს შესთავაზებენ მომსახურების უფრო ფართო არჩევანს,”- განაცხადა ჭყოიძემ.

დღეს სებ-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში საბარათე გადახდების სისტემების გამოყენება ფართოდ არის ხელმისაწვდომი, კერძო სექტორის ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებისთვის, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ამ ინსტრუმენტებით სარგებლობა მომსახურების მაღალი საკომისიოების გამო, სწორედ ამიტომ ფინტექ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ გაზარდონ ელექტრონული გადახდების ხელმისაწვდომობას იმ სექტორში, რომელიც დღეს ამ მომსახურებას მოკლებულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები