ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამინისტროს თანამშრომლებს დღეს წარუდგინა.
„წინ გვაქვს ძალიან დიდი ამოცანები, მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც არის ბოლომდე მისაყვანი, დასაწყები და ამ საქმეს სჭირდება ძლიერი ხელმძღვანელი, პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანი და ზუსტად ამ თვისებებით გამოირჩევა ბატონი რევაზი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მინისტრის პოზიციაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
თავის მხრივ სოხაძემ განაცხადა, რომ მზადაა "თავი არ დაზოგოს".
„მინდა, პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ირაკლი ქარსელაძეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ საქმიანობა, ის ამოცანები, რაც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მზად ვარ, რომ თავი არ დავზოგო. ჩვენი პრინციპი არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროში ეს ტრადიცია გაგრძელდება და ერთად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, 24 აპრილს, გახდა ცნობილი, რომ ახალგაყოფილი ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტი ირაკლი ქარსელაძემ დატოვა. მის ნაცვლად, რევაზ სოხაძე დანიშნეს.




























