რა სიახლეებს უნდა ველოდოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოსგან 2024 წელს? - ამ კითხვით მიმართა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთმა „ჩვენმა სოფელმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილს.
მისი თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მასშტაბური და ამბიციურია.
დავით იოსებაშვილი განმარტავს, რომ საქართველოში ეკოტურიზმი დღითიდღე ვითარდება და პოპულარული ხდება და ამ მიმართულებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს დაგეგმილი, მაგალითად კი ბალდის კანიონის პროექტი მოჰყავს.
„ბალდის კანიონი მიმდინარე ეტაპზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტია. ეს საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სილამაზეა, რომელიც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხოლოდ ერთეული ადამიანისთვისაა ცნობილი, ძირითადად ადგილობრივისთვის. ბალდის კანიონის შემთხვევაში, იმ მინიმალური ინფრასტრუქტურის განვითარებას ვფიქრობთ, რაც ეკოტურიზმის განვითარებასთან სრულ ჰარმონიაშია, ასევე, საზოგადოებას მივცეთ საშუალება ამ ტერიტორიასთან წვდომა ჰქონდეს: მოვაწყოთ საინტერესო ატრაქცია, რომელიც, ერთი მხრივ, მოგზაურობის, მეორე მხრივ, კი ახალი შთაბეჭდილების შექმნის შესაძლებლობას მისცემთ, რაც სწორედ საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
ბალდის კანიონზე შეიქმნება პირველი როლერი, რომელიც სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის და უკვე საზოგადოების უფრო ფართო მასებს მიეცემა საშუალება ბუნებით დატკბნენ, შეიქმნება ბილიკები.
ჩვენი ამოცანაა, პირველ რიგში, ამ საიტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოპულარიზაცია მოვახდინოთ, შემდეგ კი ადგილობრივ მოსახლეობას მივცეთ ახალი შესაძლებლობები განავითარონ ეს ტერიტორიები, სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებითა და გაწევით. ჩვენ მზად ვართ მათთან ერთად ვიმუშაოთ ტრენინგების კუთხით, მცირე გრანტების მოზიდვის შესაძლებლობებზე რათა მცირე ბიზნესის განვითარება დაიწყონ და ის საუკეთესო პრაქტიკა, რაც მარტვილის კანიონზე, მტირალას ეროვნულ პარკში და სხვა დაცულ ტერიტორიებზეა, მოხდეს ბალდის კანიონზეც.
ვიმედოვნებთ, რომ მომავალი წელი, ტურისტული თვალსაზრისით, კიდევ უფრო აქტიური იქნება. საქართველოს დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს დაუვიწყარი და მრავალფეროვანი სერვისებით უმასპინძლებს“, - განაცხადა დავით იოსებაშვილმა.
მარტვილის რაიონში სოფელ ბალდაში, ბალდის კანიონის ბუნებრივი ძეგლის ტერიტორიის ნაწილი გასული წლის მიწურულს, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კომპანია „კანიონ 350“-ს გადაეცა. საჯარო ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული კომპანია 2022 წლის ნოემბერში დარეგისტრირდა და მისი მმართველი პარტნიორები ანი გიუნაშვილი (40%), მამუკა მერკვილაძე (35%), ქეთევან მოწონელიძე (5%), ლევან ციცქიშვილი (5%) და გიორგი მერკვილაძე (15%) არიან, რომელიც ასევე კომპანიის დირექტორიცაა.
მას შემდეგ, რაც ინვესტორმა კომპანიამ სამუშაოების მოწყობა დაიწყო, ადგილობრივი მცხოვრებლები საპროტესტო აქციებს მართავენ. ისინი ტერიტორიის გადაღობვას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ბალდის კანიონი ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და ადგილზე მშენებლობა საჭირო არ არის.
„კანიონი 350“ ბალდის კანიონის მოწყობისთვის 3 მლნ-ზე მეტს დახარჯავს - რა მოეწყობა და როდისთვის?
ბალდის კანიონთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა - რა გადაწყვიტეს სამინისტროში?