საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2023“-ის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტი გააგრძელებს კანონმდებლობაზე მუშაობას, რადგან საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს მარტივი და ბიზნეს გარემო იყოს კორუფციისგან თავისუფალი.
“ყველას გილოცავთ ევროპული კომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭო დეკემბერში დაამტკიცებს ამ რეკომენდაციას და საქართველოს ოფიციალურად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იქნება. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესთან ერთად, უფრო და უფრო იზრდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბიზნეს კავშირების გაძლიერების მნიშვნელობა. საქართველოს პარლამენტმა უკვე ბევრი რამ გააკეთა, ევროკავშირთან დაახლოების მიზნით, საკანონმდებლო ბაზის გასაუმჯობესებლად. პარლამენტი კანონის უზენაესობის გარანტია, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და, ზოგადად, ეკონომიკის განვითარებისთვის. გავაგრძელებთ კანონმდებლობაზე მუშაობას, რათა საქართველოში ბიზნესის კეთება იყოს მარტივი და ბიზნეს გარემო იყოს კორუფციისგან თავისუფალი. ჩვენ, აგრეთვე, მზად ვართ, დავეხმაროთ ქართულ კომპანიებს, მიიღონ მეტი წვდომა ევროპულ ბაზარზე,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, პარლამენტი მზად არის გააგრძელოს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რაც ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
,,გავლენიანი საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს მთავრობის ძალისხმევის ეფექტიანობას. მაგალითად, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 142 ქვეყანას შორის 48-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, აგრეთვე, ევროკავშირის 2 და ნატოს 5 წევრ ქვეყანას. ამასთანავე, 2023 წლის გლობალური კორუფციის ინდექსი წარმოაჩენს საქართველოს „კორუფციის დაბალ მაჩვენებელს“, რომელიც რეიტინგში ნატოს 8, ევროკავშირის 4 წევრი ქვეყნისა და ევროკავშირის კანდიდატი ყველა ქვეყნის წინ გვაყენებს. მოწადინებულები ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ერთობლივად კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ეს სტატისტიკური მონაცემები.
კომპლექსური გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, გიდასტურებთ პარლამენტის მზაობას, გააგრძელოს ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ზრდაზე ორიენტირებული ბიზნეს კლიმატის შენარჩუნებისთვის. ამ მხრივაც ბევრი რამ გავაკეთეთ. მსოფლიო მშვიდობის ინდექსი, ანგარიში, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერაა მომზადებული და ზომავს ქვეყნებისა და რეგიონების შედარებით პოზიციას მშვიდობიანობის კუთხით, წარმოაჩენს ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პროგრესს. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა უზრუნველვყოთ ბიზნესის საქმიანობის წარმატება და ეფექტიანობა. მადლობას ვუხდი ევროპულ ბიზნეს ასოციაციას ამ ღირებული ღონისძიების გამართვისთვის და ევროკავშირს - საქართველოში ასეთი საჭირო აქტივობების მხარდაჭერისთვის,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.