ტურიზმის იმ მოქმედი სუბიექტების საკითხი, ვისაც პირველ დეკემბერს საშემოსავლო გადასახადი ანგარიშიდან ჩამოეჭრათ, ინდივიდუალურად განიხილება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა ივანე მაჭავარიანმა უწყების 2020 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორში მოქმედ ბიზნესებს სახელმწიფომ საშემოსავლო და ქონების გადასახადის კუთხით შეღავათები გაუწია და კომპანიების ჩამონათვალი, რომელთაც ამ გადასახადის გადახდა მაინც მოუწიათ, მცირეა.
„ის ბიზნესები, რომელიც მიეკუთვნება ტურიზმს, და ამის ჩამონათვალი არის დადგენილებაში, საშემოსავლო შეღავათებთან ერთად ქონების გადასახადის შეღავათი მივეცით, მათ ყველას ეს გადასახადები ჩამოეწერათ. თუ არსებობს რამდენიმე შემთხვევა და არ მგონია ეს ბევრი იყოს, შესაძლოა, ეს თითზე ჩამოსათვლელი იყოს - ჩვენ მზად ვართ ინდივიდუალურად გავიაროთ მათი საკითხი“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.




























