მთის კურორტები ზამთრის სათხილამურო სეზონზე ვიზიტორების მისაღებად აქტიურად ემზადება. ინფორმაციას მთის კურორტების განვითარების კომპანია ავრცელებს.
მათი ცნობით, მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს. გარკვეული სამუშაოები მთის სხვა კურორტებზეც მიმდინარეობს. კერძოდ:
სვანეთში, ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება. მოხდა არსებული ამორტიზირებული საბაგიროს დემონტაჟი, აქტიურად მიმდინარებს საყრდენი სვეტებისა და საბაგიროს სადგურების მონტაჟი.
ზურლიდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაეშვება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი.
საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1 800 მგზავრი იქნება, სიგრძე კი 1 421 მეტრი. ეს გახლავთ 10 ადგილიანი გნდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.
ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე კი ხელოვნური გათოვლიანების სისტემები დამონტაჟდება. ჯამში, 1 406 მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. სამუშაოებს იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ განახორციელებს.
მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ კოხტის საბაგიროს კი სრულად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია.
კურორტ თეთნულდზე არსებულ ერთსართულიან საკვებ ობიექზე მიმდინარეობს საექსპერტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომაც მისი აღდგენა მოხდება.
რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) ძველი დაზიანებული ბაგირი ახლით შეეცვლება.