მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით, ქუთაისში, მოსამართლის სახლთან 30 წუთიანი საპროტესტო შეკრების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აქციის 9 მონაწილეს შეუდგინა.
როგორც "ნეტგაზეთი" წერს, ეს ადამიანები არიან:
- გელა მთივლიშვილი – ჟურნალისტი, საქართველოს ამბები / მთის ამბების რედაქტორი;
- ნინო ქათამაძე – მუსიკოსი, „ნინო ქათამაძის ფონდის“ დამფუძნებელი;
- ვლადიმერ აფხაზავა – მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველი მფლობელი;
- ხვიჩა ვაშაყმაძე – ჟურნალისტი;
- ქეთევან ფილაური – ფსიქოლოგი;
- მაია ცირამუა – ფსიქოლოგი;
- ირინა ზარანდია – სამოქალაქო აქტივისტი;
- გივი ცინცაძე – ლანჩხუთის საკრებულოს წევრი;
- ეკა კუხალაშვილი – „ქუთაისი პოსტის“ ჟურნალისტი.
შსს მათ ედავება შეკრების და მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილი, სასჯელის სახით, 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს. კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას. სხდომა ორშაბათს, 10 თებერვალს, 12:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. საქმეს მოსამართლე ციცინო მოსიძე განიხილავს.
"ნეტგაზეთის" თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარის მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია 26 იანვარს გაიმართა, თუმცა ქუთაისის პოლიციამ რეაგირება მხოლოდ 6 თებერვალს გადაწყვიტა. მალხაზ ოქროპირაშვილი სწორედ ის მოსამართლეა, რომელმაც არ განიხილა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი უკანონო დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რითაც მზია ამაღლობელი პოლიტიკურ პატიმრობაში დატოვა.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 28-ე დღეა შიმშილობს. ის მხოლოდ წყალს იღებს. შიმშილობის 24 დღე მზია ამაღლობელმა ციხეში გაატარა. 4 თებერვალს კი, კლინიკაში გადაიყვანეს კვლევებისათვის, სადაც ამ დრომდე რჩება. ის აგრძელებს შიმშილობას.




























