მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მზის ენერგეტიკაში ბოლო 2 წელიწადში გვქონდა აფეთქება" - როგორია მზის ენერგიაში ინვესტიციის უკუგება?

ჰელიოს ენერჯი

Helios Energy-ის დამფუძნებლის, თორნიკე დარჯანიას შეფასებით, მზის ენერგეტიკაში, საქართველოში, აფეთქება ბოლო 2 წელიწადში გვქონდა. როგორც მან ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში ისაუბრა, განახლებადი ენერგიის მიმართ ქვეყანაში მოთხოვნა გაიზარდა და მეტი მიმღებლობაც გაჩნდა.

"ჩვენ დავიწყეთ ბიზნესი 2017 წელს და მაშინ ვიყავით პირველები, ნოვატორები და ვიბრძოდით, რომ ეს ტექნოლოგია მიგვეტანა მომხმარებლამდე და თან დაგვერწმუნებინა, რომ ეს ყველაფერი მუშაობს. გარკვეული პერიოდის შემდგომ, დაახლოებით 2-3 წლის წინ, ეს ყველაფერი უცებ შეიცვალა. ჩვენ შარშან და შარშანწინ აფეთქება გვქონდა მზის ენერგეტიკაში; როგორი ადამიანები აყენებდნენ იცით? ვიღაცას კარტოფილი მოჰყავდა და გადაწყვიტა, რომ მზის ენერგეტიკაში შეეძლო ინვესტირება.

შარშან ჩვენმა კომპანიამ ჯამურად 30 მეგავატი სიმძლავრე განავითარა, მაგრამ მანამდე თუ პირობითად ბაზრის 40% გვეჭირა, შარშან შეგვიმცირდა ეს წილი იმის გათვალისწინებით, რომ კი ჩვენ ბევრი დავაყენეთ წინა წლებთან შედარებით, მაგრამ მომხმარებლების ინტერესი იმხელა იყო, რომ ჩვენ ამას ვერ ვაკმაყოფილებდით და ძალიან ბევრი სხვა კომპანიაც გაჩნდა. ბევრმა თვითონ დაიწყო პროდუქტის ჩამოტანა და მონტაჟი. ანუ ამ ტექნოლოგიის ძალიან მაღალი მიმღებლობა გაჩნდა და ეს ყველაფერი გრძელდება. 2017 წელს რომ მახსოვს, როგორ კითხვებს სვამდნენ, დაავადებებს ხომ არ იწვევს და ა.შ. ეს ყველაფერი გადალახულია. ჩვენი მიზანია, ადამიანებს ავუხსნათ, რომ როგორც მაღაზიაში შედის და პომიდორს ყიდულობს, ელექტროენერგიაც პროდუქტია და თვითონაც შეუძლია, რომ აწარმოოს", - ამბობს თორნიკე დარჯანია.

BMG-ის ეთერში სტუმარმა მზის ენერგიის ფინანსურ სარგებელზე, მათ შორის ინვესტიციის უკუგებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, წლების წინ ძვირად ღირებული ტექნოლოგია დღეს გაცილებით ხელმისაწვდომია და მზის ელექტროსადგური სრულ უკუგებას 3 წელიწადში იძლევა.

ფინანსურ სარგებელზე საუბრისას თორნიკე დარჯანიამ ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებით კერძო კომპანიები უფრო მეტად არიან დაინტერესებული, რადგან ქსელიდან მათი ელექტროენერგიით მომარაგების ტარიფი უფრო მაღალია.

"შარშან მზის პანელებზე ფასი რეკორდულად დავარდა და ისტორიული მინიმუმი იყო რა. ნეტო აღრიცხვის ფარგლებში ვინმე რომ აყენებდა მზის ელექტროსადგურს, უკუგება ჰქონდა 3 წელიწადში. შესაბამისად, დაახლოებით 33% ჰქონდა კაპიტალზე სარგებელი - საქართველოში ვერ დამისახელებთ ბიზნესს, სადაც ფულის ინვესტირებას აკეთებ, სხვა მუშაობს (ამ შემთხვევაში მზე) და შენ 33% გაქვს სარგებელი კაპიტალზე. თან ენერგეტიკაში ამხელა სარგებელი არის აი ძალიან იშვიათობა, თითქმის არ არის.

სწორედ ამან მისცა აი ეს ბუმი, კი მაგან გამოიწვია. რა თქმა უნდა, ტექნოლოგიის დანერგვისთვის ყველაზე მეტად ბიზნესი აქტიურობს იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიაზე ბიზნესის ტარიფი გაცილებით მაღალია, ვიდრე სახლში ფიზიკური პირის. მოსახლეობის ნაკლებად შეძლებული ფენისთვის სახელმწიფო ასუბსიდირებს, მაგრამ ასეა წესი ნებისმიერ ეკონომიკაში, რომ ვიღაც ყოველთვის იხდის იმ ენერგიის საფასურს. შედეგად, ენერგიის ხარჯი შესული არის ბიზნესის ფასებში. თუ ვინმეს, პირობითად, სახლში 20 თეთრი აქვს ელექტროენერგიის გადასახადი და ბიზნესს 30 თეთრი, დამიჯერეთ, რომ შედის მაღაზიაში, ის 30 თეთრი პროდუქტის ფასშია გათვალისწინებული", - ამბობს თორნიკე დარჯანია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები