საერთაშორისო მზის პანელების ბაზარი როგორც ჩანს, მნიშვნელოვან გარდამტეხ ეტაპს გადის. წლების განმავლობაში ფასების ვარდნის შემდეგ, 2026 წელი მზის პანელებზე ფასის ზრდით დაიწყო. კორექტირების ახალი ციკლის პირველ ეტაპზე პანელების ღირებულება 20%-ით უკვე გაიზარდა და 1 აპრილიდან დამატებით 9%-10%-იან ზრდა ელიან.
ფერადი ლითონების, მათ შორის ვერცხლის რეკორდული გაძვირება და ჩინეთის პოლიტიკის ცვლილება, ეს ის ძირითადი ფაქტორებია რაც პანელებზე ფასების ზრდის მაპროვოცირებელია.
უფრო კონკრეტულად, ჩინეთი მზის პანელებზე დღგ-ს შეღავათიან რეჟიმს აუქმებს და ექსპორტის გადასახადი შემოაქვს. ამკაცრებს რეგულირებას და გარკვეულწილად, მარჟების კონტროლი შემოაქვს.
საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდა აისახება საქართველოზეც. როგორც Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია „საქმის კურსთან“ განმარტავს პანელების 30%-იანი გაძვირების გამო, საქართველოში ნებისმიერ ინვესტორს პროექტი მინიმუმ 15%-ით გაუძვირდება.
განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ის კომპანიები არიან, რომლებმაც ეკონომიკის სამინისტროში პროექტები წარადგინეს, თუმცა ჯერ წინარე კვლევის დოკუმენტიც არ მიუღიათ. ასეთ პროექტებს ბიზნესის მოდელის ცვლილება მოუწევთ. მისი თქმით, გაძვირების მოლოდინში კომპანიების ნაწილმა მზის სადგურის მშენებლობა შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების გარეშე დაიწყო.
„2026 წელი დაიწყო მზის პანელებზე 20%-იანი გაძვირებით. 1-ელი აპრილიდან ხდება ექსპორტზე დაწესებული შეღავათის მოხსნა, რაც დამატებით, 9%-იან გაძვირებას გამოიწვევს. მზის პანელებზე ჯამური გაძვირება დაახლოებით 30%-ით არის მოსალოდნელი. მზის ელექტროსადგურების პროექტებში მზის პანელებს ღირებულების დაახლოებით 50% უჭირავს, შესაბამისად, 30%-იანი გაძვირება, ნებისმიერ ინვესტორს პროექტს მინიმუმ 15%-ით გაუძვირებს. იაფად შეძენილი პანელების მარაგები უკვე გაყიდულია, მათი ნაწილი უკვე დამონტაჟებულია, ნაწილი მონტაჟდება და გადავდივართ გაძვირებული პროდუქციის გამოყენებაზე და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული გარდამავალი პერიოდი იყო ჩვენთვის. მოსალოდნელი იყო ეს გაძვირება ამიტომ რიგი მომხმარებლები გადავაზღვიეთ, თუმცა ახალ პროექტებში ახალი ფასები აისახება“, - განმარტავს „საქმის კურსთან“ მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და Helios Energy-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.
მისი თქმით, განსაკუთრებულად გამოწვევების წინაშე არიან ის ინვესტორები, რომლებიც შარშან პირდაპირი ხელშეკრულებების მხარდაჭერის სქემაში ჩაერთნენ. მათ მოუწევთ თავიანთი ბიზნესმოდელის გადაწყობა, რადგანაც 15-20%-ით უძვირდებათ პროექტი.
„პირველი და მეორე CFD აუქციონის კომპანიების ნაწილს უკვე აქვთ მიღებული წინარე კვლევის მემორანდუმი და ბევრი ჯერ კიდევ ელოდება მშენებლობის მემორანდუმს. ამ მომენტისთვის, შესაძლოა მშენებლობის ეტაპზე შეიძლება გადასულები არიან, მაგრამ გადასულები არიან მშენებლობის მემორანდუმის გარეშე. მე ვიცი რამდენიმე კომპანია, რომელსაც დაწყებული აქვს უკვე მშენებლობა, გაძვირების მოლოდინში პანელები შესყიდული აქვს მშენებლობაც დაიწყო, თუმცა ჯერ არ აქვს მიღებული მშენებლობის მემორანდუმი. მესამე ეტაპს რაც შეეხება, აქ ჩემი ინფორმაციით არის გაცემული სულ რამდენიმე წინარე კვლევის მემორანდუმი. შესაბამისად, მშენებლობის ეტაპზე გადასვლაზე არ არის საუბარი, ძალიან ბევრი პროექტი ელოდება წინარე მემორანდუმსაც კი, არათუ მშენებლობის მემორანდუმს. შესაბამისად, განსაკუთრებით მტკივნეული იქნება ეს ფასთა ზრდა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც არც წინარე კვლევის მემორანდუმი აქვთ მიღებული და ვინც მიიღო, ვერ მოასწრო მშენებლობის მემორანდუმამდე მიახლოება“, - ამბობს თორნიკე დარჯანია.
თორნიკე დარჯანია აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის გამოწვევაა დაფინანსების მოძიებაც, რადგანაც ბიზნესისთვის საბანკო კრედიტების ძვირია.
"ბანკებში საუკეთესო საპროცენტო განაკვეთი 9- 9.5%-მდეა, ანუ ამაზე იაფ კაპიტალს ვერ შოულობს დღეს ბიზნესი. შესაბამისად, აი ამ მოცემულობით და გაძვირებული ფასით, მოუწევთ თავიდან დათვლა და ბევრისთვის შეიძლება ეს აღარ იყოს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება და ინვესტირება მზის ენერგეტიკაში მიმზიდველი,“- ამბობს დარჯანია.




























