მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზის პანელებზე ბიზნესს კომერციული ინტერესი გაუჩნდა, რადგან მათთვის დენი გაძვირდა - Photomate

ლევან ბოსტიაშვილი

Photomate-ის ტექნიკური დირექტორი ლევან ბოსტიაშვილი საქართველოში მზის ელექტროსადგურების განვითარებას ელექტროენერგიის ფასს უკავშირებს და ამბობს, რომ მაღალმა ტარიფმა ბიზნესს გადააწყვეტინა საკუთარი მოხმარება მზის ენერგიით დააკმაყოფილოს.

"სიმართლე გითხრათ, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ძალიან აქტიურად ვითარდება ბაზარი. თუმცა ვითარდება ძირითადად კომერციული სექტორი, 500 კილოვატამდე სადგურები და არა დიდი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები. ეს ყველაფერი გამოიწვია თავად ტექნოლოგიის განვითარებამ და ასევე, ელექტროენერგიის გაძვირებამ კომერციული სექტორისთვის. კომერციული ინტერესი გაუჩნდა თავად ბიზნესებს, რადგან მოგეხსენებათ იურიდიული პირებისთვის დენის სხვა ტარიფია. ამიტომ ფინანსურად უფრო საინტერესო გახდა მათთვის, რომ მზის ელექტროსადგურები დაეყენებინათ. ასევე ძალიან კარგი საშუალება იყო ნეტო აღრიცხვაში ჩართული მზის ელექტროსადგურები, რომელიც გვაძლევდა საშუალებას მაგალითად, კახეთში დაგვეყენებინა მზის ელექტროსადგური და მის მიერ გამომუშავებული დენი მოგვეხმარა ბათუმში ან დასავლეთ საქართველოს რომელიმე სხვა რეგიონში", - თქვა მან BMGDrive-ში სტუმრობისას.

Photomate-ის წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გადამცემი სისტემის გამართული მუშაობაა.

"მოგეხსენებათ, მზის ენერგეტიკა და თუნდაც ქარის არ არის სტაბილური ენერგიის გამომუშავების წყარო. თუნდაც ღრუბლიან ამინდში არ მუშაობს პიკურად. აუცილებელია, რომ ქსელი იყოს ამის დასაბალანსებლად მზად, რომ მიიერთოს გარკვეული სიმძლავრის სადგურები, რათა მან არ შეუქმნას შემდგომ უკვე ქსელს პრობლემა და არ გამოიწვიოს ჩაქრობა. ამიტომ, ძალიან კარგ პროექტს ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, რაც გულისხმობს ქსნის ქვესადგურთან 200 მეგავატ საათი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი სისტემის აშენებას. ეს დაეხმარება ქსელს, რომ მიიერთოს უფრო მეტი ქარის და მზის ელექტროსადგური", - ამბობს ლევან ბოსტიაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები