მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზისა და ქარის ენერგიის პროექტები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე - ჰიდროენერგეტიკული" - დავითაშვილი

დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში დინამიკურად ვითარდება საშუალო და მსხვილი მასშტაბის განახლებადი ენერგიის პროექტები, განსაკუთრებით, ქარისა და მზის ენერგიების მიმართულებით - ამის შესახებ დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მთავრობა განახლებადი წყაროების ათვისებაზე მუშაობს და მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურების განვითარებით არ შემოიფარგლება.

"როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ საკუთარი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებას. აქ საუბარია განახლებადი წყაროების გამოყენებაზე, როგორც ჰიდროელექტროენერგიაზე, ასევე ქარის და მზის ენერგიაზე. რა თქმა უნდა, მხოლოდ ჰიდროელექტროენერგიით არ შემოვიფარგლებით.

ძალიან ბევრი საშუალო და მსხვილი მასშტაბის პროექტი ძალიან დინამიკურად ვითარდება, ეს არის 100, 200, 300 მეგავატიანი პროექტები, როგორც ქარის, ასევე მზის პროექტები. ეს პროექტები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ჰიდროელექტროსადგურები, თუმცა მათი განვითარება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება, რადგან საქართველოს მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსები გააჩნია", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ასევე განმარტა, რომ ბოლო წლებში საქართველომ განახლებადი ენერგიების კუთხით თავისი პოტენციალის ათვისება დაიწყო, რამაც ინვესტორების მხრიდან დაინტერესებაც გამოიწვია.

"განახლებადი ენერგიების კუთხით საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ ეს პოტენციალი სრულად არ იყო ათვისებული, თუმცა ბოლო წლების საკმაოდ აქტიური პოლიტიკის შედეგად, დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი დაინტერესებაა ინვესტორების მხრიდან. ეს გვაძლევს საშუალებას, უფრო მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ განახლებადი წყაროებში", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ენერგომიმართულებაზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს "ამბიციური, მაგრამ ასევე რეალისტური ამოცანაა, 2030 წლისთვის გახდეს სრულად თვითკმარი და დამოუკიდებელი ელექტროენერგიის კუთხით".

"უკვე შექმნილია ძალიან მყარი საფუძველი და ჩვენ ძალიან მკაფიოდ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 2028 წლისთვის 8000 მეგავატს მიაღწევს დადგმული სიმძლავრის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და 2030 წლისთვის მაჩვენებელი გადააჭარბებს 10 000 მეგავატს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველო გახდეს სრულად თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის გამომუშავების თვალსაზრისით, ანუ გამომუშავება გადააჭარბებს მოხმარებას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა იმისათვის, რომ ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკული თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ნიშნავს ქვეყნის პოლიტიკური დამოუკიდებლობის უფრო მეტად გამყარებასა,“- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები