„თუნდაც მხოლოდ დაგეგმვის პროცესში თუ იქნებიან ჩართულნი უცხოელი/ქართველი კვალიფიციური ექსპერტები, ეს ერთი ორად შეამცირებს შეცდომების რისკს, რომელიც ბუნებრივია ფული ღირს“ - ამის შესახებ „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ფერმერი, ნუშისა და კაკლის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნიკო ნიკოლაძე აცხადებს.
მისი თქმით, დღეს აგროსექტორში მთავარი გამოწვევა არასაკმარისი ცოდნაა, ამიტომ მათი ინიციატივაა სახელმწიფო პროგრამებში, თუნდაც შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამაში გაჩნდეს ახალი კომპონენტი, რომელიც ფერმერებს ექსპერტულ ცოდნას დაუფინანსებს.
"ექსპერტული ცოდნა მიჰყვეს ფინანსებს, რომელსაც სახელმწიფო ხარჯავს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აღნიშნული აზრის და იდეის მიმართ ღიაობას გამოთქვამენ დარგობრივი კომიტეტები პარლამენტში და სამინისტროში.
ჩვენი ინიციატივაა, სახელმწიფო პროგრამებს დაემატოს მექანიზმი ცოდნის ნაწილში, ექსპერტიზის ნაწილში, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეულ ლარს, რომელიც იხარჯება სახელმწიფოს მხრიდან და მემართება ბენეფიციარებისკენ, მიჰყვეს ექსპერტიზა.
ჩვენ, საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს საკმარისი ცოდნა თანამედროვე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და ახლა ვიღებთ ამ გამოცდილებას. ცოდნის ნაკლებობა არის ნამდვილად ნომერ პირველი გამოწვევა, რადგან ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა, რომელიც აქამდე იყო, გადაჭრილია.
მაგალითად, თუ კონკრეტული ინვესტორი გადაწყვეტს ისარგებლოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, პროექტს როდესაც წარადგენს საფინანსო ორგანიზაციაში, ამ პროექტში მოაზრებული უნდა იყოს უცხოელი ექსპერტების ჩართვა“,-აცხადებს ნიკო ნიკოლაძე.